,,რეგიონების პარტია“ აცხადებს, რომ დონეცკში, დასავლეთიდან ჩამოსულ პროვოკატორებთან გასამკლავებლად ,,სახალხო პატრულები“ იქმნება, - ამის შესახებ ჟურნალისტებს ინფორმაცია დონესკის საქალაქო საბჭოს მდივანმა სერგეი ბოგაჩოვმა მიაწოდა.
,,რეგიონების პარტიის’’ რაიონულ ორგანიზაციებში მიმდინარეობს სახლახო პატრულში მოხალისეების ჩაწერა საზოგადოებრივი წესრიგის დასაცავად, რათა არ იქნას დაშვებული ექსტრემიზმი“, - განაცხადა ბოგაჩოვმა.
ბოგაჩოვმა ვერ დააზუსტა, საიდან აქვს მას ინფორმაცია იმის შესახებ, რომ დონეცკში ჩადიან პროვოკატორთა დიდი ჯგუფები დასავლეთ უკრაინის ოლქებიდან. მან აღნიშნა მხოლოდ ის, რომ პროვოკატორები დონეცკში შეიძლება ჩამოვიდნენ ფარულად.
საქალაქო საბჭოს მდივანმა აღნიშნა, რომ პროვოკატორების მთავარი მიზანია, დონეცკის ოლქის საოლქო ადმინისტრაციის შენობის შტურმის მოწყობა. თუმცა, ყურადღების გადასატანად, მათ შესაძლოა, დაიკავონ საქალაქო საბჭოების ადმინისტრაციული შენობები.
ანალოგიური ,,სახალხო პატრულების“ შექმნის პროცესი დაიწყო ლუგარსკშიც, სადაც ლუგარსკის საოლქო საბჭომ მოუწოდა ადგილობრივ მოსახლეობას ,,სახალხო პატრულების“ შექმნისკენ.
დონეცკშიც და ლუგარსკშიც ,,სახალხო პატრულების" ორგანიზატორები აღნიშნავენ, რომ ,,ქვეყანაში შექმნილ სიტუაციას სამოქალაქო ომამდე მივყავართ. ჩვენი მიზანია თავიდან ავიცილოთ ქაოსი და სისხლისღვრა“.
მასალის გამოყენების პირობები






