რუსეთის დუმამ უკრაინის შესახებ განცხადება მიიღო. დოკუმენტს ხმა 388 დეპუტატმა მისცა. კენჭისყრისგან თავი ლდპრ-ის ფრაქციამ შეიკავა.
განცხადებაში ნათქვამია, რომ "უკრაინაში მიმდინარე პროტესტი უფრო და უფრო მასშტაბურ და აგრესიულ ხასიათს იძენს და ადგილი აქვს ხელისუფლების ლეგიტიმური ინსტიტუტების ძალადობრივი დამხობის მცდელობას".
რუსი დეპუტატები უკმაყოფილებას გამოთქვამენ, რომ პროტესტის დროს დაზიანდა და განადგურდა რუსეთისა და უკრაინის ისტორიული წარსული ამსახველი ქანდაკებები და მონუმენტები.
ამასთან, დუმა აცხადებს, რომ გარდა უკრაინის ოპოზიციის რადიკალური ფრთისა, ქვეყანაში ვითარების დაძაბვაზე პასუხისმგებელია დასავლეთის პოლიტიკოსთა ნაწილი, რომელიც უხეშად ერევა უკრაინის შიდა საქმეებში, გამოდის მიტინგებზე.
რუსეთის სახელმწიფო დუმა აფრთხილებს ყველას, რომ დაუშვებელია საგარეო ზეწოლა უკრაინაზე, მის გეოპოლიტიკურ არჩევანზე, რაც გამოიხატება ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულების თავსმოხვევით.
რუსეთის დეპუტატები აცხადებენ, რომ ყველანაირად ხელს შეუწყობენ "მოძმე უკრაინელ ხალხს" ეკონომიკის, კულტურისა და სოციალურ სფეროთა განვითარებაში, არსებული კრიზისის დაძლევაში. ისინი ოპოზიციას მოუწოდებენ, შეწყვიტონ ძალადობრივი ქმედებები და ყველა საკითხი კონსტიტუციის შესაბამის ჩარჩოებში გადაწყვიტონ.
მასალის გამოყენების პირობები






