რუსეთის ფედერაციის სახელმწიფო დუმის დეპუტატებმა უკრაინის შესახებ განცხადებას კენჭი უყარეს. დოკუმენტს, რომელშიც დასავლეთის პოლიტიკოსებს მოუწოდებენ არ ჩაერიონ სახელმწიფოს სუვერენულ შიდა საქმეებში, მხარი 388 დეპუტატმა დაუჭირა.
„უკრაინაში სიტუაციის გამწვავებაზე, ოპოზიციის ექსტრემისტული ნაწილის გარდა, პასუხისმგებლობას ატარებენ დასავლეთის პოლიტიკოსებიც, რომლებიც, ოპოზიციის ორგანიზებულ მიტინგებში გამოსვლებით, უხეშად ერევიან სუვერენული უკრაინის შიდა საქმეებში“, -ნათქვამია განცხადებაში.
სახელმწიფო დუმა მიღებულ დოკუმენტში გაფრთხილებას იძლევა იმის შესახებ, რომ დაუშვებელია უკრაინას თავს მოახვიონ „გეოპოლიტიკური არჩევანი ევროპულ კავშირთან ასოცირების სასარგებლოდ“ და ყურადღებას ამახვილებს იმაზე, რომ „თანამშრომლობა რუსეთსა და უკრაინას შორის, ყოველთვის იყო და რჩება ნებისმიერი გამოწვევისა და საფრთხის გადალახვის საფუძვლად“. დეპუტატებმა მხარი დაუჭირეს უკრაინისათვის გაცემულ სტაბილურობის კრედიტს და გაზზე ფასის დაკლებას „ყოველგვარი პოლიტიკური პირობის გარეშე, უკრაინის მოძმე ხალხის მხარდასაჭერად“.
გარდა ამისა, სახელმწიფო დუმა განცხადებაში, უკრაინულ ოპოზიციას მოუწოდებს უარი თქვას ძალადობაზე და ხელისუფლებასთან კონსტრუქციულ დიალოგში შევიდეს.
მასალის გამოყენების პირობები






