აშშ-ის პრეზიდენტმა ბარაკ ობამამ განაცხადა, რომ მარიხუანის მოწევა არ არის უფრო სახიფათო, ვიდრე ალკოჰოლის მიღება, მაგრამ დასძინა, რომ ამას მაინც არაკეთილგონიერ მოქმედებად თვლის.
ჟურნალ New Yorker-ის კითხვებზე პასუხისას, ობამამ თქვა, რომ არასწორი იქნებოდა ჩაგვეთვალა, რომ მარიხუანის ლეგალიზაცია შეიძლება გახდეს პანაცეა ბევრი სოციალური პრობლემის გადწყვეტაში.
ბარაკ ობამას მხედველობაში ჰქონდა კოლორადოსა და ვაშინგტონის შტატებში მარიხუანის ლეგალიზაცია.
ამერიკის პრეზიდენტმა აღიარა, რომ ახალგაზრდობაში მარიხუანას ეწეოდა.
„როგორც კარგადაა ცნობილი, მე „ბალახს“ მოზარდობის ასაკში ვეწეოდი, მაგრამ ახლა ვთვლი, რომ ეს მავნე ჩვევაა, თუმცა, არა უფრო მეტად საზიანო, ვიდრე სიგარეტის მოწევაა“, - აღნიშნა ობამამ.
მან დასძინა, რომ მისი აზრით, მარიხუანა, ცალკეულ ადამიანზე ზემოქმედების თვალსაზრისით, ალკოჰოლზე მეტად სახიფათო არ არის.
ობამა თვლის, რომ აშშ-ის მოსახლეობის გაჭირვებული ნაწილი, მათ შორის აფრო-ამერიკელები და ლათინური ამერიკიდან ჩამოსულები მარიხუანის მოხმარების გამო პოლიციის მხრიდან არაპროპორციულ რეპრესიებს განიცდიან მაშინ, როდესაც საშუალო კლასის წარმომადგენლები, უმეტეს შემთხვევაში, ასეთ სასჯელს თავს აღწევენ.
„საზოგადოებისათვის საშიში სიტუაციაა, როდესაც მოქალაქეთა დიდი ნაწილი კანონს არღვევს, და ამ ადამიანთა მხოლოდ ნაწილი ისჯება“, - განაცხადა ობამამ.
მან კოლორადოსა და ვაშინგტონში მარიხუანის ლეგალიზებას გაბედული ექსპერიმენტი უწოდა.
შესაბამისი კანონი კოლორადოში 1 იანვარს ამოქმედდა, ხოლო ვაშინგტონის შტატში მარიხუანის ლეგალური გაყიდვა წელს, მოგვიანებით დაიწყება.
მასალის გამოყენების პირობები






