დაღესტანში, ხასავიურტის რაიონში სპეცოპერაციის მიმდინარეობისას, წინასწარი მონაცემებით, მოკლულია ოთხი მებრძოლი, მათ შორის ადამიანი სახელად მარატ იდრისოვი, რომელსაც ძალოვანები „ხასავიურტის დაჯგუფების ლიდერად“ მოიხსენიებენ.
რუსეთის ეროვნულ ტერორისტულ კომიტეტში ის მიჩნეულია დეკემბრის ბოლოს მომხდარ პიატიგორსკის ტერაქტის ერთ-ერთ ორგანიზატორად, რომელსაც სამი ადამიანის სიცოცხლე შეეწირა.
კიდევ ერთი მოკლული, რომლის ამოცნობაც შეძლეს, რუსტამ დაგიროვია. ძალოვანების ცნობით, ის მებრძოლებს პროდუქტებითა და მედიკამენტებით ამარაგებდა, ასევე, „თავის სახლს დასვენებისა და მკურანლობისთვის უთმობდა“.
სროლისას, ასევე, სამართალდამცავი ორგანოების სამი წევრი დაიღუპა. ჭრილობები ხუთმა ძალოვანმა მიიღო. მათგან ერთ-ერთის მდგომარეობა მძიმეა.
სპეცოპერაცია მებრძოლთა წინააღმდეგ, რომლებიც დასახლება კარლანიურტის ერთ-ერთ კერძო სახლში აფარებდნენ თავს, მთელი, გასული ღამის განმავლობაში მიმდინარეობდა.
რუსული მედიის ცნობით, მებრძოლები ავტომატებითა და ყუმბარებით იყვნენ შეიარაღებული. მათ ხელისუფლებასთან მოლაპარაკებაზე უარი თქვეს, რის შემდეგაც სროლა ატყდა.
კარლანიურტის რაიონში რაიონში შემოღებულია კონტრტერორისტული ოპერაციის რეჟიმი.
bbc.co.uk
მასალის გამოყენების პირობები






