ყირგიზეთისა და ტაჯიკეთის საზღვარზე მესაზღვრეებს შორის სროლა მოხდა. ამის შესახებ, ყირგიზეთის სასაზღვრო სამსახურის წარმომადგენელზე დაყრდნობით, სააგენტო «Интерфакс» იუწყება.
კონფლიქტი ბატკენის ოლქში, ბორუხის ანკლავთან მოხდა. სროლის შედეგად სამი ყირგიზი სამხედრო დაიჭრა. ტაჯიკ მესაზღვრეთა შორის ასევე არიან დაჭრილები. სროლის შემდეგ ქვეყნებმა სასაზღვრო გამშვები პუნქტები დროებით დახურეს. რამდენ ხანს გაგრძელდება ეს შეზღუდვა, უცნობია.
სროლის მიზეზი მესაზღვრეთა შორის სიტყვიერი შელაპარაკება გახდა. რა იყო კამათის მიზეზი, სამხედრო ხელმძღვანელობას ჯერ არ გაურკვევია.
2013 წლის დეკემბერში ამ რაიონში ყირგიზებსა და ტაჯიკებს შორის კონფლიქტი უკვე მოხდა. მაშინ ყირგიზულ სოფელში აკსაი ჩაიხანა დაიწვა, რაც მეპატრონემ ტაჯიკეთის მცხოვრებლებს დააბრალა. შედეგად, ორი ქვეყნის მაცხოვრებლებს შორის შეხლა-შემოხლა მოხდა. კონფლიქტის მოგვარება ხელისუფლებების მონაწილეობით მოლაპარაკებებისას მოხერხდა.
მასალის გამოყენების პირობები






