„როგორც ჩანს, მას შემდეგ, რაც ვლადიმერ პუტინი 2012 წელს ოფიციალურად დაბრუნდა ხელისუფლებაში, გადაწყვიტა მსოფლიოსათვის ორი გაკვეთილი ჩაეტარებინა. პირველი - არ ღირს მსოფლიო არენაზე მისი არდაფასება. მეორე - რომ მოსკოვი გააგრძელებს კონტროლის აღდგენას იმ რეგიონებზე, რომლებსაც ის რუსეთის გავლენის კანონიერ სფეროდ თვლის. და ბოლოს, მესამე - სახლში რასაც მოისურვებს, იმას გააკეთებს“, - მიიჩნევენ გერმანიის ყოფილი თავდაცვის მინისტრი კარლ ცუ გუტენბერგი და რუსი ოპოზიციონერი გარი კასპაროვი, რომელთა სტატიაც ჟურნალ Time-ში გამოქვეყნდა.
ავტორები მიიჩნევენ, რომ პუტინს მთელი წლის განმავლობაში კარგად გამოსდიოდა დასავლეთის „გაწვალება“. „როდესაც საუბარია საპატიო წოდებაზე „წლის ხულიგანი“, მაშინ, 2013-ში, რუსეთის პრეზიდენტი უკონკურენტოა“, - წერენ გუტენბერგი და კასპაროვი. თუმცა, ისინი აღნიშნავენ, რომ როგორც ყველა ხულიგანს, პუტინს პრობლემები აქვს „საშიანაო დავალების“ შესრულებაში.
ამაში გულისხმობენ სიტუაციას რუსეთში, რომელიც ავტორთა აზრით, იდეალურისგან შორსაა. ეკონომიკა ინგრევა, ინფლაციამ 6%-ს გადააჭარბა, ეკონომიკური ზრდა შენელდა, ხოლო ინვესტიციების მოცულობა და წარმოება დასახულ მიზნებს ვერ აღწევენ. „ეს არა უბრალოდ მოკლევადიანი პრობლემებია, არამედ ცენტრალიზებული და კორუმპირებული სახელმწიფოს მუდმივი შეცდომების ნიშნები“, - ნათქვამია სტატიაში.

ცუ გუტენბერგი და კასპაროვი თვლიან, რომ საერთაშორისო არენაზე პუტინის ქცევამ მხოლოდ გააუარესა მისი მდგომარეობა, და კიდევ უფრო მეტი მოწინააღმდეგე გაუჩნდა. ავტორები, კერძოდ, აღნიშნავენ გერმანიის რეაქციას, რომელიც აქამდე „ხშირად აღნიშნავდა რუსეთთან კავშირების დალაგების მნიშვნელოვანობას“, თუმცა, ახლა საპასუხო ზომებს იღებს. მან მხარი დაუჭირა უკრაინის ევროკავშირთან ასოცირების იდეას, იულია ტიმოშენკოს სამედიცინო დახმარება შეთავაზა, ხოლო გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრმა უკრაინა მოინახულა და დემონსტრანტებს შეხვდა.
ამ წლის მოვლენები მსოფლიო ლიდერებისათვის სიგნალი უნდა გახდეს, თვლიან კასპაროვი და ცუ გუტენბერგი. „პუტინის თვითგანდიდების ქცევის ძირითადი მიზეზი - ეს მსოფლიო ლიდერობის სფეროში წარმოუდგენელი ვაკუუმია“, - წერენ ავტორები. მათი აზრით, ვაშინგტონის გადაწყვეტილებამ საერთაშორისო საქმეებში წამყვანი როლი სხვა ქვეყნებს მისცენ, აშშ-ის პრესტიჟი ძლიერ შელახა. თუმცა, ისინი თანდათან ხვდებიან, რომ პუტინზე ზემოქმედება შესაძლებელია მხოლოდ მის ენაზე, ანუ ძალის ენაზე საუბრით.
ცუ გუტენბერგი და კასპაროვი თვლიან, რომ რუსეთი, ერთი პარტიის ბატონობიდან, ერთი ადამიანის დესპოტობაზე გადავიდა.
ავტორების აზრით, კიევის პროტესტებმა კრემლს დაანახეს, რომ „დემოკრატიისადმი იმუნიტეტი“ არ არსებობს. რჩება ერთი კითხვა: რა რეაქცია ექნებათ ევროკავშირსა და აშშ-ს, რუსების, შესაძლოა, გარდაუვალ ამბოხზე? „ვიმედოვნოთ, რომ ისინი ზედმეტად რბილები არ არიან იმისათვის, რომ დაიცვან საყოველთაო ღირებულებები, რომლებზეც თავად იყვნენ დაფუძნებულნი“, - ხაზს უსვამენ სტატიაში კასპაროვი და გუტენბერგი.
მასალის გამოყენების პირობები






