აშშ-ში შეიმუშავებენ სოჭიდან სპორტსმენთა ევაკუაციის გეგმას იმ შემთხვევისათვის, თუ სოჭში ოლიმპიური თამაშების დროს ტერაქტი განხორციელდება. მედიის ცნობით, მზადყოფნის რეჟიმში რამდენიმე თვითმფრინავი იქნება.
სოჭის ზამთრის ოლიმპიური თამაშების დროს შესაძლო თავდასხმებისა და ტერაქტების გათვალისწინებით, ამერიკულმა სამთო-სათხილამურო ასოციაციამ ამერიკელი სპორტსმენების ევაკუაციი გეგმა შეიმუშავა. როგორც გაზეთ USA Today-ის ინტერნეტ-პორტალი იტყობინება, კერძო დაცვის ფირმას Global Rescue დაევალა მზადყოფნის რეჟიმში იყოლიოს ხუთი თვითმფრინავი, რომლებიც საჭიროების შემთხვევაში სოჭიდან ამერიკულ დელეგაციას გამოიყვანენ. „ეს უნიკალური შემთხვევაა“, - განუცხადა გამოცემას დაცვის ფირმის მეთაურმა დენ რიჩარდსმა. მან აღნიშნა, რომ სამთო-სათხილამურო ასოციაციასთან 2006 წლიდან თანამშრომლობს, თუმცა, უსაფრთხოების ასეთი ზომები არასოდეს მიუღიათ.
სამშაბათიდან, სოჭში, ოლიმპიური თამაშების ისტორიაში უსაფრთხოების ყველაზე მკაცრი ზომები ამოქმედდა. რუსეთის მთავრობის განკარგულებით მოქმედებაში მოყვანილია უპილოტო თვითმფრინავები, მიწა-ჰაერის კლასის რაკეტები, ასევე 37 ათასზე მეტი პოლიციელი და სამხედრო მომსახურე. მეთვალყურეობა ასევე განხორციელდება თანამგზავრების მეშვეობით. შესაძლო ტერაქტებთან დაკავშირებული საფრთხე არსებითად გაიზარდა ვოლგოგრადში აფეთქებების სერიის შემდეგ. მანამდე „რუსეთის ნომერ პირველმა მტერმა“, ისლამური ექსტრემისტების ერთ-ერთმა ლიდერმა დოკუ უმაროვმა, სოჭში ოლიმპიური თამაშების ჩაშლით დაიმუქრა.
მასალის გამოყენების პირობები






