ესპანეთის მეფის ხუან კარლოს I-ის უმცროსი ქალიშვილი ქრისტინა მაიორკის სასამართლოში ბრალდების წასაყენებლად გამოიძახეს. მას გადასახადებისაგან თავის არიდებაში, ფულის გათეთრებაში და სხვა ფინანსურ მაქინაციებში ადანაშაულებენ.
პრინცესა ეჭვქვეშ, მისი მეუღლის ჰერცოგ ინიაკი ურდანგარინის საქმიანობის გამო აღმოჩნდა. ჰერცოგს ასევე ადანაშაულებენ თაღლითობაში, დოკუმენტების გაყალბებასა და ექვსი მილიონი ევროს ოდენობით საზოგადოებრივი საშუალებების გაფლანგვაში.
პრინცესა ქრისტინა და მისი მეუღლე დანაშაულს უარყოფენ. მეუღლეთა მიმართ გამოძიება სამი წლის წინ დაიწყო. გამომძიებელთა ყურადღება ინიაკი ურდანგარინის საქველმოქმედო ორგანიზაცია Noos Institute-მ მიიპყრო. ვარაუდობენ, რომ ინიაკი გავლენიან ხალხთან თავის კავშირებს იყენებდა, რათა მსხვილი ღონისძიებების ორგანიზებისათვის ხელსაყრელი კონტრაქტები მიეღო. ამასთან, ის პროექტების ღირებულებას ზრდიდა, მიღებულ თანხებს კი ოფშორებში საბანკო ანგარიშებზე ათავსებდა.

პრინცესა ქრისტინა, შესაძლოა თანამედროვე ესპანეთის ისტორიაში აღმოჩნდეს მეფის ახლო ნათესავთა შორის პირველი, ვინც სასამართლოს წინაშე წარსდგება. გამოძიების დაწყების შემდეგ პრინცესა საჯაროდ გამოჩენას ერიდება. ის ბავშვებთან ერთად ჟენევაში გადავიდა. მიუხედავად ქრისტინას და მისი მეუღლის მცდელობისა, რომ სამეფო სახლისაგან დისტანცირება მოახდინონ, ეს სკანდალი მთლიანად სამეფო ოჯახის პოპულარობაზეც აისახა. სოციოლოგიური გამოკითხვების თანახმად, ესპანელთა 62 პროცენტი მიიჩნევს, რომ მეფე ხუან კარლოს I-მა ტახტზე უარი უნდა თქვას.
მასალის გამოყენების პირობები






