ლუქსორი აღმოაჩინეს ლუდის მხარშავის სამარხი, რომლის ასაკიც 3200 წელზე მეტია, იტყობინება National Geographic. ეგვიპტის სიძველეთა მინისტრის მუჰამედ იბრაჰიმის თქმით, აღმოჩენა იაპონელი მეცნიერების ჯგუფმა გააკეთა.
როგორც სპეციალისტებმა განაცხადეს, სამარხი ლათინური ასო T-ს ფორმისაა და ლუდის მხარშავ ჰონსო იმ-ჰებუს ეკუთვნის, რომელიც ქალღმერთ მუტისადმი მიძღვნილი რიტუალებისთვის სხვადასხვა სასმელს ამზადებდა. სამარის კედლებზე აღმოჩნდა დღემდე საუკეთესოდ შენახული ნახატები, რომლებიც ლუდისმხარშავის ცხოვრებისეულ, ყოფით თუ სარიტუალო სცენებს გამოხატავს.
იბრაჰიმმა აღნიშნა, რომ იაპონელი არქეოლოგების აღმოჩენა ლუქსორის ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი და ძვირფასია. BBC News-ის ცნობით, როგორც კი არქეოლოგები ყველა სამუშაოს დაასრულებენ, სამარხი მნახველებისთვისაც გაიხსნება.
ლუქსორი ეგვიპტის ერთ-ერთი არქეოლოგიური ცენტრია. ქალაქის ტერიტორიაზე და მის ირგვლივ დიდი რაოდენობით ძეგლია, რომელთა შორისაა ლუქსორისა და კარნაკის ტაძრები, „გარდაცვლილთა ქალაქი“ და სფინქსების ხეივანი.
მასალის გამოყენების პირობები






