
პლანეტის 300 უმდიდრესი ადამიანის საერთო აქტივები 2013 წელს 524 მილიარდით გაიზარდა, იტყობინება სააგენტო Bloomberg.
სააგენტოს მიერ შედგენილი მილიარდერების რეიტინგის თანახმად, 31 დეკემბრისთვის ისინი 3,7 ტრილიონს ფლობდნენ. თანაც, ამ 300 უმდიდრესი ადამიანიდან 70-ს ქონება შეუმცირდა.
მილიარდერთა შორის ყველაზე მეტად Microsoft-ის დამფუძნებელი ბილ გეითსი გამდიდრდა. 2013 წელს მისი ქონება 15,8 მილიარდი დოლარით გაიზარდა და 78,5 მილიარდი შეადგინა. Microsoft-ის აქციები კი 40%-ით გაიზარდა.
კაზინოების მართვის მსოფლიოში უდიდესი კომპანია Las Vegas Sands-ის დამფუძნებელმა შელდონ ადელსონმა თავის ქონებას 14,4 მილიარდი დოლარი შემატა და აქტივების ზრდის მხრივ მეორე ადგილი დაიკავა. მსოფლიოს უმდიდრესმა ადამიანმა მექსიკელმა კარლოს სლიმმა გასულ წელს 1,4 მილიარდი დოლარი დაკარგა, წერს Bloomberg.
მასალის გამოყენების პირობები






