ურუგვაის პრეზიდენტი ხოსე მუხიკა ეკონომიკის ახალი მინისტრის უფლება-მოვალეობის შედგომის ცერემონიაზე შიშველ ფეხზე სანდლებით მივიდა. სახელმწიფოს მეთაურის გარეგნულმა მხარემ სოციალურ ქსელებში და ადგილობრივ პრესაში აქტიური გამოხმაურება ჰპოვა, წერს Europa Press.
ოფიციალურ ღონისძიებაზე პრეზიდენტის კოლეგები კოსტუმებსა და ჰალსტუხებში გამოცხადდნენ, მუხიკამ კი უბრალო პერანგი და აკაპიწებული შარვალი არჩია. ფოტოგრაფთა ყურადღება ასევე, ურუგვაის 78 წლის მეთაურის ფეხებზე გაყვითლებულმა ფრჩხილებმა მიიპყრო.
მუხიკას არ განუმარტავს რატომ გადაწყვიტა ასეთი სახით ჩაცმა. თუმცა ჟურნალისტები აღნიშნავენ, რომ ურუგვაიში და მის მეზობელ ქვეყნებში ძალიან ცხელა. დღისით ტემპერატურა 40 გრადუსამდე ადის.
ხოსე მუხიკა ურუგვაის პრეზიდენტი 2010 წლიდან არის. უბრალო ცხოვრების წესის გამო, მას „მსოფლიოში ყველაზე ღარიბ პრეზიდენტად“ მოიხსენიებენ. მუხიკა თავისი ხელფასის თითქმის 90%-ს ქველმოქმედებას ახმარს, თავად კი თვეში დარჩენილ 1200 დოლარზე ცხოვრობს. პრეზიდენტი საკუთარი ავტომობილით, 1987 წელს გამოშვებული Volkswagen Beetle-ით დადის.

შეგახსენებთ, რომ ურუგვაის პრეზიდენტმა ხოსე მუხიკამ მარიხუანის გაყიდვის, გაზრდისა და მოხმარების სრული ლეგალიზების შესახებ კანონს ხელი მოაწერა. დეკემბერში ურუგვაელმა სენატორებმა მიიღეს კანონპროექტი, რომლის ინიციატორიც თავად მუხიკა იყო, ხოლო 2013 წლის აგვისტოში ის ურუგვაის ქვედა პალატამ მიიღო.
კანონი ძალაში ხელის მოწერის დღიდან შედის, თუმცა მთავრობა ოთხი თვის მანძილზე შეიმუშავებს ნორმატიულ აქტებს, რომელიც დოკუმენტის რეალიზებას უზრუნველყოფს. კერძოდ, ხელისუფლებამ უნდა დააზუსტოს, მარიხუანის კონკრეტულად რომელი ჯიშების გაზრდა იქნება ნებადართული, და რა სახით გაიცემა მოყვანის ლიცენზიები.
მიღებული კანონის თანახმად, ურუგვაის 18 წელს ზემოთ მოქალაქეები შეძლებენ აფთიაქებში 40 გრამამდე მარიხუანა შეიძინონ და საკუთარი მოხმარებისთვის გაზარდონ არაუმეტეს ექვსი ძირისა წელიწადში. ასევე ნებადართული იქნება სპეციალური კლუბების შექმნა, რომლის წევრებსაც წელიწადში 99-მდე ძირის გაზრდის უფლება ექნებათ.
ვარაუდობენ, რომ მაღაზიებში გრამი მარიხუანა ერთი აშშ დოლარი ეღირება. კანონპროექტის მიღებამდე, ურუგვაელებს ყოველგვარი სანქციის გარეშე შეეძლოთ მარიხუანის მიღება, თუმცა, გაზრდა და გაყიდვა აკრძალული იყო.
2013 წლის დეკემბერში ჟურნალმა The Economist ურუგვაი წლის ქვეყნად გამოაცხადა. ასეთი გადაწყვეტილების მოტივად, ჟურნალისტებმა მარიხუანის ლეგალიზების შესახებ კანონის მიღება დაასახელეს.
lenta.ru
მასალის გამოყენების პირობები






