ურუგვაის პრეზიდენტმა ხოსე მუხიკამ მარიხუანის გაყიდვის, გაზრდისა და მოხმარების სრული ლეგალიზების შესახებ კანონს ხელი მოაწერა.
დეკემბერში ურუგვაელმა სენატორებმა მიიღეს კანონპროექტი, რომლის ინიციატორიც თავად მუხიკა იყო, ხოლო 2013 წლის აგვისტოში ის ურუგვაის ქვედა პალატამ მიიღო.
კანონი ძალაში ხელის მოწერის დღიდან შედის, თუმცა მთავრობა ოთხი თვის მანძილზე შეიმუშავებს ნორმატიულ აქტებს, რომელიც დოკუმენტის რეალიზებას უზრუნველყოფს. კერძოდ, ხელისუფლებამ უნდა დააზუსტოს, მარიხუანის კონკრეტულად რომელი ჯიშების გაზრდა იქნება ნებადართული, და რა სახით გაიცემა მოყვანის ლიცენზიები.

მიღებული კანონის თანახმად, ურუგვაის 18 წელს ზემოთ მოქალაქეები შეძლებენ აფთიაქებში 40 გრამამდე მარიხუანა შეიძინონ და საკუთარი მოხმარებისთვის გაზარდონ არაუმეტეს ექვსი ძირისა წელიწადში. ასევე ნებადართული იქნება სპეციალური კლუბების შექმნა, რომლის წევრებსაც წელიწადში 99-მდე ძირის გაზრდის უფლება ექნებათ.
ვარაუდობენ, რომ მაღაზიებში გრამი მარიხუანა ერთი აშშ დოლარი ეღირება. კანონპროექტის მიღებამდე, ურუგვაელებს ყოველგვარი სანქციის გარეშე შეეძლოთ მარიხუანის მიღება, თუმცა, გაზრდა და გაყიდვა აკრძალული იყო.
2013 წლის დეკემბერში ჟურნალმა The Economist ურუგვაი წლის ქვეყნად გამოაცხადა. ასეთი გადაწყვეტილების მოტივად, ჟურნალისტებმა მარიხუანის ლეგალიზების შესახებ კანონის მიღება დაასახელეს.
მასალის გამოყენების პირობები






