ისრაელის პრემიერ-მინისტრმა ბენიამინ ნეთანიაჰუმ სოჭის ოლიმპიადის გახსნის ცერემონიაზე მოსაწვევი მიიღო, მაგრამ „ასეთი ვიზიტის შესაძლებლობა არ განუხილავს“, იტყობინება Hebrew Maariv daily. ისრაელის მთავრობის მეთაური, 7 თებერვალს დაგეგმილ გახსნაზე ვერ გაემგზავრება, ვინაიდან ამის საშუალებას მანამდე დაგეგმილი რთული სამუშაო გრაფიკი არ აძლევს.
ამდენად, ნეთანიაჰუ შეუერთდა სხვა სახელმწიფოების ლიდერებს, რომლებმაც რუსეთში სოჭის ოლიმპიადის გახსნაზე დასწრებაზე სხვადასხვა მიზეზით უარი თქვეს.
შეგახსენებთ, რომ „მშვიდობისა და სპორტის დღესასწაულში“ მონაწილეობაზე უარი განაცხადა გერმანიის კანცლერმა ანგელა მერკელმა, მის ნაცვლად ქვეყანას შინაგან საქმეთა მინისტრი წარმოადგენს. ასევე - ბარაკ ობამამ, რომელმაც ამერიკულ დელეგაციაში ლგტბ-საზოგადოების რამდენიმე ღია წარმომადგენელი ჩართო.
საფრანგეთის პრეზიდენტი ფრანსუა ოლანდი და ბრიტანეთის პრემიერი დევიდ კემერონი ასევე იგნორირებენ სოჭის ოლიმპიადას, თანაც საფრანგეთი საერთოდ არცერთ თანამდებობის პირს არ აგზავნის ოლიმპიადაზე. ამათ გარდა, ოლიმპიადა-2014-ზე წასვლაზე უარი თქვეს ესტონეთის, პოლონეთისა და გერმანიის პრეზიდენტებმა.
მასალის გამოყენების პირობები






