23 დეკემბერს, სომხეთის პარლამენტში მმართველი პარტიის დეპუტატებმა ხმა მისცეს რუსეთთან შეთანხმების რატიფიცირებას, რომელიც, კერძოდ, გულისხმობს რუსული „გაზპრომის“ საკუთრებაში, აქამდე საერთო კომპანიის, „არმროსგაზპრომის“ გადასვლას, რომელიც ქვეყანაში რუსული გაზის ტრანსპორტირებას, გადანაწილებას და მის ტრანზიტს, ასევე ელექტროენერგეტიკას მართავს.
შეთანხმების თანახმად, „გაზპრომი“ მიიღებს კომპანიის აქციების დარჩენილ 20 პროცენტს, რომელიც აქამდე სომხეთის სახელმწიფოს საკუთრებას წარმოადგენდა.
გარდა ამისა, ამ სახელმწიფოთშორისო შეთანხმების თანახმად, სომხეთი კარგავს გაზის დამოუკიდებლად იმპორტის უფლებას, რასაც, 30 წლის განმავლობაში, მთლიანად „გაზპრომი“ გააკონტროლებს, 2043 წლამდე, სომხეთს გაზის მიწოდების პირობების შეცვლის უფლება არ ექნება.
ოპოზიციურმა ფრაქციებმა პარლამენტში კენჭისყრას ბოიკოტი გამოუცხადეს, მაგრამ პროსახელისუფლებო რესპუბლიკურ პარტიას საკმარისი უმრავლესობა გააჩნია. პარლამენტის შენობასთან ასობით ადამიანი აპროტესტებდა შეთანხმების რატიფიცირებას.
ყირგიზეთის პრეზიდენტმა ალმაზბეკ ატამბაევმა კანონს, რუსეთთან შეთანხმების რატიფიცირების შესახებ, ხელი მოაწერა, რაც ითვალისწინებს, რომ რუსული გაზის მონოპოლისტს „გაზპრომს“ სახელმწიფო გაზის კომპანია „ყირგიზგაზი“ 1 (ერთ) აშშ დოლარად გადაეცემა.
შეთანხმება, ასევე, „გაზპრომს“ ავალდებულებს ყირგიზეთის გაზის სფეროში 655 მილონი დოლარის ინვესტიცია მოახდინოს.
ყირგიზეთის ხელისუფლებამ განაცხადა, რომ ეს შეთანხმება გამართლებულია, რადგან ქვეყანას არ შეეძლო „ყირგიზგაზი“ ღრმა ვალებიდან თავად გაეთავისუფლებინა.
მასალის გამოყენების პირობები






