როგორ შეაფასებს მსოფლიო და განსაკუთრებით რუსული საზოგადოება 21-ე საუკუნის რუსეთის ყველაზე სკანდალური და ხმაურიანი პატიმრის შეწყალებას, ჯერ კიდევ უცნობია. ამას, ალბათ, უახლოესი თვეები გვაჩვენებს.
მიხეილ ხოდორკოვსკის თავისუფლებამდე 9 თვე ჰქონდა დარჩენილი - მისი პატიმრობის ვადა 2014 წლის აგვისტოში იწურებოდა. ყველა ელოდებოდა, რომ ცნობილი ბიზმნესმენი ბოლომდე მოიხდიდა ვადას და საპატიმროდან გამოვიდოდა როგორც გმირი და პუტინის პირადი პატიმარი.
შესაბამისად, საკმაოდ მოულოდნელი იყო შეწყალების მოთხოვნით მისი მიმართვა რუსეთის პრეზიდენტისადმი. აღსანიშნავია, რომ ეს თხოვნა 12 ნოემბერს დაიწერა და მასში დანაშაულის აღიარების შესახებ არაფერი წერია. შეწყალების მოთხოვნა მისი დედისა და პირადად ხოდორკოვსკის ჯანმრთელობის მდგომარეობითაა მოტივირებული.
ხაზი უნდა გავუსვათ იმასაც, რომ იმავე საქმეზე დაპატიმრებული ხოდორკოვსკის მეგობარი და უახლოესი თანამებრძოლი პლატონ ლებედევი კვლავ საპატიმროშია და შეწყალებას არ ითხოვს. ეს მან სასწრაფოდ გაახმაურა ადვოკატების მეშვეობით.
პუტინმა ხოდორკოვსკის თხოვნა მხოლოდ ერთი თვისა და ერთი კვირის შემდეგ დააკმაყოფილა.
დასავლეთის სამყაროს მხრიდან მუდმივი კრიტიკის, წამყვანი სახელმწიფოების მეთაურების სოჭის ოლიმპიადაზე არჩასვლის, უკრაინის მოვლენებში რუსეთის გავლენის გამო ევროკავშირის გაღიზიანების ფონზე პუტინს ბუნებრივია აწყობდა "ლმობიერის" მანტიის მორგება.
პუტინის ამ აქტის გამო დიდი მოწონება, ჯერჯერობით, არავის გამოუთქვამს აშკარად. ყველა თვლის, რომ ეს არის ერთჯერადი აქტი და ადამიანის უფლებებისა და დემოკრატიის განმტკიცების საქმეში რუსეთის პრეზიდენტის პოლიტიკის შეცვლის არავის სჯერა.
საზოგადოების ის ნაწილი, რომელიც ხოდორკოვსკიში გმირს და რეჟიმის მსხვერპლს ხედავდა, ერთგვარად იმედგაცრუებულია - მათ სჯეროდათ, რომ ბიზნესმენი ბოლომდე მოიხდიდა სასჯელს და თავისუფლების მიღების შემდეგ აქტიურად დაიწყებდა ბრძოლას.
განთავისუფლების შემდეგ მიხეილ ხოდორკოვსკი გერმანიაში გაემგზავრა და ბერლინში პრესკონფერენცია მოიწვია.
პრესკონფერენციამ ჟურნალისტებისა და საზოგადოების უდიდესი ინტერესი გამოიწვია. იგი ნახევარი საათით გვიან დაიწყო, რადგან ორგანიზატორებმა დარბაზში მყოფი ასობით ჟურნალისტის მოწესრიგება ვერ შეძლეს. დარბაზში ხოდორკოვსკის გამოჩენისა და ტრიბუნასთან მისვლის შემდეგ, იგი ფოტოკორესპონდენტთა და ოპერატორთა ალყაში მოექცა.
ყველა დიდი ინტერესით ელოდდაm თუ რა იქნებოდა ის ძირითადი გზავნილი, რომლითაც ის წარსდგებოდა საზოგადოების წინაშე.
ხოდორკოვსკიმ სამომავლო გეგმებზე კონკრეტული არაფერი თქვა:
"მე 36 საათის წინ სრულიად მოულოდნელად განცთავისუფლდი. ჯერ არ მიფიქრია სამომავლო გეგმებზე. მოვეთათბირები მეგობრებს და მივიღებ გადაწყვეტილებას," - განაცხადა მან.
ხოდორკოვსკიმ არც ის გაუმხილა ჟურნალისტებს, თუ რამდენი ხანი აპირებს გერმანიაში დარჩენას. ამასთან, მან დიდი მადლობა გადაუხადა ანგელა მერკელს და ყოფილ საგარეო საქმეთა მინისტრს დიტრიხ გენშერს, რომელთაც დიდი როლი შეასრულეს მის განთავისუფლებაში.
მან აღნიშნა, რომ არა მსოფლიო საზოგადოების ძალისხმევა და მედიის დიდი ყურადღება., იგი საპატიმროდან ვერ განთავისუფლდებოდა.
შემდეგი გზავნილი ის გახლდათ, რომ იგი არც პოლიტიკითა და არც ბიზნესით დაკავებას აპირებს:
"ხელისუფლებისთვის ბრძოლა ჩემი საქმე არ არის," - აღნიშნა მან.
"მე ბიზნესში მივაღწიე ყველაფერს, რისი შესაძლებლობაც მქონდა. იგივეს გამეორება ჩემთვის საინტერესო აღარაა. ჩემი ფინანსური მდგომარეობა ისეთია, რომ მუშაობის აუცილებლობა არ მაქვს," - აცხადებს ხოდორკოვსკი.
იგი ჯერჯერობით არც სამშობლოში დაბრუნებას გეგმავს, რადგან თავისუფალი გადაადგილების გარანტიას ითხოვს. მას გერმანიის მხარემ ერთწლიანი ვიზა მისცა, რაც საშუალებას აძლევს მას ამ და ევროპის სხვა ქვეყანაში თავი დაცულად იგრძნოს.
მისივე განცხადებით, დღევანდელ საზოგადოებაში მისთვის უჩვეულო ტემპია - "ახლა სულ სხვა ვითარებნაა, სხვა ტემპი. თქვენ სარგებლობთ ინფორმაციის იმ საშუალებებით, რომელიც ჩემს დროს არ არსებობდა, Facebook, Twitter, სოციალური ქსელი, ინფორმაციის ის საშუალებებია, რომელიც თქვენთვის ჩვეული მოვლენაა, მე კიდევ მათ არ ვიცნობ, ისინი ჩემს დროს არ არსებობდნენ,"- აცხადებს მიხეილ ხოდორკოვსკი და ვლის, რომ მას გარკვეული დრო დასჭირდება დღევანდელ გარემოს რომ შეეგუოს.
მისივე თქმით, იგი აპირებს საზოგადოებრივ საქმიანობაში ჩაერთოს.
ამგვარი გახლდათ 2 დღის წინ საპატიმროდან გამოსული მიხეილ ხოდორკოვსკის პირველი გზავნილები. ცხადია, მისმა პოზიციებმა გარკვეული იმედგაცრუება გამოიწვია, თუმცა, ვერავინ იწინასწარმეტყველებს, რას გააკეთებს "პუტინის პირადი პატიმარი" ერთი თვის, ექვსი თვის, ან ერთი წლის შემდეგ.
(მასალა მომზადებულია უცხოურ მედიაში გავრცელებული ინფორმაციების მიხედვით)
მასალის გამოყენების პირობები






