საქართველოს პრეზიდენტის განცხადებით მსგავსი ღონისძიებების ჩატარება და მხარდაჭერა სახელმწიფოს მხრიდან უაღესად მნიშვნელოვანია : „ ჩვენ ნათლად ვხედავთ პრიორიტეტებს, რომ ნებისმიერ პირობებში მყოფ ადამიანებს მიეცეთ საკუთარი თავის მაქსიმალურად გამოვლენის შესაძლებლობა. ადამიანებს, რომლებსაც რაიმე უნარი შეზღუდული აქვთ, სხვა უნარებში აქვთ განსაკუთრებული ძალა და ბევრად მეტი შესაძლებლობა. საქართველოს ყველა მოქალაქისთვის გარემო უნდა იყოს კომფორტულად მოწყობილი, რომ ყველას მიეცეს საშუალება საკუთარი უნარების გამოვლენის“- განაცხადა გიორგი მარგველაშვილმა.
საქართველოს პრეზიდენტმა ჟურნალისტებთან უკრაინაში მიმდინარე მოვლენებიც შეაფასა და იმედი გამოთქვა, რომ უკრაინაში ვითარება კონფლიქტისა და დაძაბულობის გარეშე დასრულდება : „ჩვენ ყველა მხარეს მოვუწოდებთ პროცესი დიალოგის გზით წარმართონ. უაღრესად მოხარული ვიქნებოდით თუ უკრაინაც იმ გზით ივლიდა, რა გზითაც საქართველო და მოლდოვა მიდიან. ამავე დროს პატივს ვცემთ უკრაინელი ხალხის არჩევანს და უაღრესად ფასეულია უკრაინის ყველა მოქალაქის პოლიტიკური შეხედულება. ყურადღებით ვაკვირდებით უკრაინაში მიმდინარე პროცესებს და იმედი გვაქვს, ყველაფერი დამშვიდდება კონფლიქტისა და დაძაბულობის გარეშე . იმედი გვაქვს საერთაშორისო თანამეგობრობის ჩარევის და მოვუწოდებთ ყველა მხარეს პროცესი დიალოგის გზით წარმართონ“-განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა.
მასალის გამოყენების პირობები






