ბრიტანულ გაზეთში Financial Times გამოქვეყნებულ სტატიაში, ბჟეზინსკი პროგნოზირებს, რომ უკრაინა „ადრე თუ გვიან“ დემოკრატიული ევროპის ნაწილი გახდება, ხოლო რუსეთი, „უფრო ალბათ ადრე, ვიდრე გვიან“, მის მაგალითს მიჰყვება.
ზბიგნევ ბჟეზინსკის შეფასებით, უკრაინული პატრიოტიზმის ამოხეთქვა „იმის ნიშანია, რომ ეროვნული დამოუკიდებლობის დაცვა რეალური პოლიტიკის დომინანტად იქცევა“.
მისი აზრით, ეს განსაკუთრებით ეხება უკრაინულ ახალგაზრდობას, რომელიც აღარ გრძნობს თავს „მატუშკა რასია“-ს ნაწილად არც ენობრივი და არც ისტორიული თვალსაზრისით. დამოუკიდებლობის ორმა ათწლეულმა ჩამოაყალიბა ახალი ხედვა, რომელსაც არ ახასიათებს რუსოფობია, თუმცა, უკრაინელების, როგორც ევროპული ცივილიზაციის განუყოფელი ნაწილის, ისტორიულ იდენტობას ამყარებს, მიიჩნევს ექსპერტი.
ბჟეზინსკი დარწმუნებულია, რომ ევროკავშირი უფრო ზედმიწევნით უნდა მიუდგეს კიევის საჭიროებებს ეკონომიკური და ფინანსური მხარდაჭერის თვალსაზრისით.
მისი თქმით, უკრაინული ტენდენციები რუსეთზე საგრძნობ ზეგავლენას შორეულ პერსპექტივაში მოახდენს. „რუსეთში განვითარებადი საშუალო კლასი მივა იმ დასკვნამდე, რომ ერთადერთი გონივრული გზა - ჭეშმარიტად თანამედროვე, დემოკრატიული და, შესაძლოა, წამყვან ევროპულ სახელმწიფოდაც ჩამოყალიბება არის“.
მასალის გამოყენების პირობები






