ცენტრალური აფრიკის რესპუბლიკის დედაქალაქ ბანგიში ორი ფრანგი სამხედრო მოსამსახურე დაიღუპა, იტყობინება Agence France-Presse საფრანგეთის პრეზიდენტის ადმინისტრაციაზე დაყრდნობით. ეს პირველი ცნობაა ფრანგულ ჯარებში დანაკარგების შესახებ 6 დეკებბრიდან მოყოლებული, როდესაც ცენტრალური აფრიკის რესპუბლიკის ტერიტორიაზე მათ ამბოხებულთა წინააღმდეგ ოპერაცია დაიწყეს.
ფრანგი სამხედრო მოსამსახურეები 9 დეკემბერს, საღამოს ბრძოლაში დაიღუპნენ. მანამდე, ფრანგებმა მოითხოვეს, რომ რელიგიურ კონფლიქტში მონაწილე მებრძოლებს იარაღი ჩაებარებინათ. ამ მოთხოვნის არშესრულების შემთხვევაში, საფრანგეთმა ძალის გამოყენების პირობა დადო. ამას წინ უძღოდა ბანგიში შეტაკებების ტალღა, რომელსაც დაახლოებით 400 მვიდობიანი მოქალაქე ემსხვერპლა.
შეგახსენებთ, რომ ცენტრალური აფრიკის რესპუბლიკაში, სადაც სისხლისმღვრელი შიდა კონფლიქტი გაღვივდა, 1200 ფრანგ სამხედრო მოსამსახურეს და აფრიკული კავშირის 3600 ჯარისკაცს შეიყვანენ. სამხედრო ოპერაცია გაეროს უსაფრთხოების საბჭოს სანქციის მიღების შემდეგ დაიწყო.
სამხედრო ჩარევა აუცილებლი გახდა მას შემდეგ, რაც ცენტრალური აფრიკის რესპუბლიკაში დაიწყო სისხლისმღვრელი შეტაკებები ხელისუფლების ხელში ჩამგდებ მუსულმან ამბოხებულთა ორგანიზაცია „სელეკას“ მებრძოლებსა და ქრისტიანულ მილიციას შორის. საერთაშორისო ორგანიზაცია უნისეფის მონაცემებით, ორივე მხარე კონფლიქტში 3500 ბავშვ-ჯარისკაცს იყენებს. ოთხშაბათს გაეროს უსაფრთხოების საბჭომ ცენტრალური აფრიკის რესპუბლიკაში 1200 ფრანგი სამხედრო მოსამსახურის და აფრიკული კავშირის 3600 ჯარისკაცის განთავსების შესახებ სანქცია გასცა.
მასალის გამოყენების პირობები






