პარტნიორობა ადამიანის უფლებებისთვის იურისტი, ანა თავხელიძე ნიკოლოზ ბასილაშვილის საქმეზე აცხადებს, რომ სასამართლომ მოკვლევის შემდეგ დაადგინა ოჯახში ძალადობის ფაქტი და მისი განმეორების საშიშროება, სწორედ ამას ემსახურებოდა შემაკვებელი ორდერების გამოწერა.
იურისტი სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს და დეტალურად განიხილავს საქმის მიმდინარეობას.
"ნიუპოსტი" პოსტს უცვლელად გთავაზობთ:
"ბასილაშვილის საქმეზე ვინც შემაკავებელ ორდერებს ეჭვის თვალით უყურებთ, მინდა მათთვის დავწერო რამდენიმე მნიშვნელოვანი გარემოება:
პოლიციამ 6 შემაკავებელი ორდერი ბასილაშვილის და მისი ოჯახის წევრების მიმართ გამოწერა გამოძიების დაწყების შემდეგ.
- შემაკავებელი ორდერების განხილვის დროს ადვოაკტებმა წარვადგინეთ იმაზე მეტი მტკიცებულებები, ვიდრე დაკავებას და აღკვეთის ღონისძიების სახით გირაოს გამოყენებას დაედო საფუძვლად.
- შემაკავებელი ორდერების ძალაში დატოვების საკითხს სასამართლო იხილავდა დაახლოებით 18 საათი.
- შემაკავებელი ორდერების განხილვისას დაზარალებულის ჩვენების გარდა, დავკითხეთ მოწმეები, გამოვიკვლიეთ აუდიო და ვიდეო ჩანაწერები, სამედიცინო დოკუმენტაცია და სხვა არაერთი მტკიცებულება.
- ამ საქმეში შემაკავებელი ორდერების ძალაში დატოვებაზე მსჯელობისას სასამართლომ იმაზე უფრო მაღალი მტკიცებულებითი სტანდარტი გამოიყენა, ვიდრე სხვა "ჩვეულებრივ" საქმეებში იყენებს.
- სასამართლომ ჯერ დაადგინა, რომ ადგილი ჰქონდა ოჯახში ძალადობის ფაქტს და შემდეგ იმსჯელა, ხედავდა თუ არა ძალადობის განმეორების რისკებს. ვინაიდან რისკები დაინახა, მან ძალაში დატოვა შემაკავებელი ორდერები.
- იმ შემთხვევაში, თუ სასამართლო ვერ დაინახავდა ძალადობის განმეორების რისკებს, შეეძლო შემაკავებელი ორდერის პირობები შეეცვალა, მაგალითად, შეემცირებინა ვადა, დაერთო კომუნიკაციის აღდგენის ნება და ა.შ. რაც არ გააკეთა სასამართლომ.
- თუ მხარე ხედავს, რომ სასამარლო იღებს უკანონო ან/და დაუსაბუთებელ გადაწვეტილებას, შეუძლია ეს გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივროს, რაც მხარემ არ გააკეთა. ცხადია, გასაჩივრება მათი უფლებაა და არა ვალდებულება.
- შემაკავებელი ორდერების გამოცემის შემდეგ სისხლის სამართლის საქმეს დაემატა ძალიან ბევრი მტკიცებულება ექსპერტიზის დასკვნების, მოწმეების და სხვა მტკიცებულებების სახით.
შევეცადე შემაკავებელ ორდერებთან დაკავშირებით შეკითხვები შემეჯამებინა.
აი, ამიტომ ვამბობთ, რომ სასამართლომ დაადგინა ოჯახში ძალადობის ფაქტი და ამის შემდეგ დატოვა ძალაში შემაკავებელი ორდერები", - წერს ანა თავხელიძე.
ცნობისთვის, პარტნიორობა ადამიანის უფლებებისთვის თავმჯდომარე, ადვოკატი ანა აბაშიძე კი ამბობს, რომ ნიკოლოზ ბასილაშვილს შვილისთვის წელიწადნახევარია ალიმენტი არ გადაუხდია. ასევე, სასამართლოს გზით ედავება ბინასაც.
შეგახსნებთ, რომ ჩოგბურთელ ნიკოლოზ ბასილაშვილს ყოფილი ცოლი, ნელი დოროყაშვილი ფიზიკურ და ფსიქოლოგიურ ძალადობაში ადანაშაულებს.
სასამართლომ მას 100 ათას ლარიანი გირაოც დააკისრა.
გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე პრიმა მუხლის, მეორე ნაწილის "ბ" ქვეპუნქტით, რაც გულისხმობს ოჯახში ძალადობას არასრულწლოვანის თანდასწრებით. ისჯება საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომით ვადით ორასიდან ოთხას საათამდე ან თავისუფლების აღკვეთით ვადით ერთიდან სამ წლამდე, იარაღთან დაკავშირებული უფლებების შეზღუდვით ან უამისოდ.
შემაკავებელი ორდერები გამოწერილია როგორც ბასილაშვილის, ისე მისი მშობლების მიმართ. პოლიციის მიერ გამოწერილი ორდერი სასამართლომ ძალაში დატოვა, ჩოგბურთელმა და მისმა მშობლებმა ის აღარ გაასაჩივრეს.
მასალის გამოყენების პირობები






