კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტმა მე-11 და მე-12 კლასების მონაწილეებისთვის საგანმანათლებლო კონკურსი გამოაცხადა.
„ეს ჩვენი მეფე ერეკლე...“ ასე ჰქვია პროექტს, რომელიც მეფე ერეკლეს დაბადებიდან 300 წლისთავს ეძღვნება.
კონკურსის მიზნებია მოსწავლეების მიერ ერეკლე II-ის ცხოვრებისა და მოღვაწეობის უკეთ გაცნობა; კვლევითი, მაღალი სააზროვნო, კომუნიკაციისა და კონკურენტულ გარემოში თანამშრომლობის უნარების განვითარება; სკოლებსა და უმაღლეს სასწავლებელს შორის კონტაქტის დამყარება; უნივერსიტეტის საქმიანობის გაცნობა და სამომავლო საგანმანათლებლო პროცესებში ჩართვა.
კონკურსი სამი სექციისგან შედგება, კონკურსანტს კი შეუძლია მხოლოდ ერთი მათგანის ამორჩევა. ესენია: ჟურნალისტიკა, ტურიზმი და ესსეისტიკა.
ჟურნალისტიკის განყოფილებაში მონაწილეების მსურველებმა უნდა მოამზადონ სიუჟეტი, რომელიც არ უნდა აღემატებოდეს სამ წუთს. სიუჟეტი შესაძლოა მომზადდეს ჯგუფურადაც (არაუმტეს 3 მონაწილე) .
სიუჟეტი უნდა ეხებოდეს მეფე ერეკლესთან დაკავშირებულ საინტერესო ამბებს: ბრძოლებს, დიპლომატიურ თემებს, სამეფო ოჯახს, შთამომავლების ისტორიას და ა.შ. ვიდეოჩანაწერის მომზადება ნებისმიერი ტექნიკური საშუალებით, მათ შორის, ტელეფონითაცაა შესაძლებელი.
ტურიზმის სექციაში მონაწილეებს აგრეთვე საინტერესო დავალებების შესრულება მოუწევთ. მათი მიზანი იქნება ვირტუალური ექსკურსიის მომზადება იმ ადგილზე, რომელიც უკავშირდება მეფე ერეკლეს. კონკურსანტის ვალია, შეარჩიოს მარშრუტი და არგუმენტირებული მსჯელობით წარმოადგინოს საკუთარი ხედვა ამ კონკრეტული ადგილის შემდგომი განვითარების პერსპექტივის შესახებ.
რაც შეეხება ესსეისტიკას, კონკურსანტს აქ წინასწარ შემოთავაზებული თემებიდან რომელიმეს დამუშავება მოუწევს.
კონკურსის ორგანიზატორები აღნიშნავენ, რომ მსგავსი ტიპის კონკურსები უფროსკლასელებში ხელს უწყობს კვლევის, ინფორმაციის დამუშავებისა და ანალიზის, მონაცემების, ფაქტებისა და შეფასებების საინტერესოდ და კრეატიულად გადმოცემის უნარებს.
კონკურსის პირველი ეტაპი 23 თებერვალს დასრულდება. დეტალური ინფორმაციის სანახავად კი ეწვიეთ ბმულს.
მასალის გამოყენების პირობები






