უკრაინის ექს-პრემიერ-მინისტრმა იულია ტიმოშენკომ უკრაინელ ხალხს მიმართა მოწოდებით, იბრძოლონ ბოლომდე და მიაღწიონ უკრაინაში ხელისუფლების შეცვლას. მისი თქმით, პრეზიდენტი იანუკოვიჩი ახლა ყველაფერზე წამსვლელია ხელისუფლების შენარჩუნებისთვის. პატიმრობაში მყოფი ექს-პრემიერის მიმართვა ევრომაიდანზე მისმა ქალიშვილმა ევგენია ტიმოშენკომ წაიკითხა.
„ნაცემი, უდანაშაულო ხალხის დაჭერით, ის პირდაპირ გვეუბნება, რომ მიუფურთხებია ყველასთვის, რომ გააგრძელებს ცემას, კვლას, ყველას დაჭერას, ვინც მის აბსოლუტურ ძალაუფლებას წინ აღუდგება. ის არ ფარავს, რომ დიქტატურის გზა აირჩია, თავისი მოქმედებით ამას ღიად უცხადებს მთელ მსოფლიოს. ის ჩვენ ყველას გვიყვირის, რომ ჩვენ არარაობა ვართ, ვართ მასა, რომელიც მას არ აინტერესებს და რომლისთვისაც ანგარიშის გაწევას არ აპირებს. ის უცხადებს დემოკრატიულ სამყაროს, რომ ტირანია. უკრაინის ტერიტორიაზე ყალიბდება ახალი სტალინი. და თუ ჩვენ ყველანი, დემოკრატიულ მსოფლიოსთან ერთად, მას არ შევაჩერებთ, მაშინ კიდევ ერთ ჩრდილოეთ კორეას მივიღებთ“, - ნათქვამია მიართვაში.
ტიმოშენკომ ხალხს მოქმედებისკენ მოუწოდა: „ჯერ კიდევ არ არის გვიანი! მხოლოდ საუბრები მოედნებზე საკმარისი არ არის. უკრაინელმა ხალხმა თავის ხელში უნდა აიღოს ხელისუფლება, და არ გამართოს დიქტატორთან ტკბილი საუბრები. ყველა მოქმედება კოორდინირებული უნდა იყოს ოპოზიციასთან“.
„გთხოვთ ყველას, ვინც ბრძოლისათვის მზადაა, იგრძენით თქვენი ძალა და ირწმუნეთ მისი! ჩვენი ძალები დღითიდღე იზრდება. ირწმუნეთ თქვენი ძალის! გთხოვთ ო იგრძენით მთელი არარაობა და რეალური სისუსტე იმ ორი-სამი „განსაკუთრებულის“, რომლებმაც თქვენი ცხოვრება აუტანელი გახადა, და იარეთ წინ. ან ახლა გაიმარჯვეთ, ან მრავალწლიანი, აბსოლუტური დიქტატურისთვის ემზადეთ. მე თქვენი მჯერა! გული მწყდება, რომ ამ ისტორიულ წუთებში არ შემიძლია თქვენ გვერდით ვიდგე, მაგრამ მთელი გულით მსურს ჩვენი გამარჯვება“, - ნათქვამია მიმართვაში.
მასალის გამოყენების პირობები






