ყველა სკოლაში, V კლასიდან ზემოთ ყველა მოსწავლისთვის პირბადის ტარება სავალდებულო იქნება - ამის შესახებ განათლების მინისტრმა მიხეილ ჩხენკელმა სპეციალურ ბრიფინგზე განაცხადა.
მისი თქმით, პირბადეებით ბავშვები მშობლებმა უნდა მოამარაგონ.
სკოლებს დეტალური ინსტრუქციები დღესვე დაურიგდებათ.
მისივე მტკიცებით, სკოლებში მოგვარებულია წყლის და საპირფარეშოების პრობლემა.
"ყველა სკოლა არის სრულ მზადყოფნაში. ინფრასტრუქტურულად მოწესრიგდა ყველა სკოლა, მათ შორის წყლის, სველი წერტილების. სამედიცინო პროტოკოლის ნაწილი ზედმიწევნით იქნება დაცული". - განაცხადა მინისტრმა
რაც შეეხება საბავშვო ბაღებს, მათ გახსნაზე გადაწყვეტილება ჯერ მიღებული არ არის.
"ჯერ ვიწყებთ სკოლებით. აჭარაში მთლიანად გაგრძელდა პროცესი საკლასო ოთახებში. დინამიკა არის პოზიტიური. პროცესი მიდის მშვიდობიანად, მაგრამ ამას შენარჩუნება სჭირდება. აქედან გამომდინარე, ჩვენ შევაფასეთ სამედიცინო სფეროს წარმომადგენლებთან ერთად სიტუაცია. სასიხარულოა, რომ სასწავლო პროცესი დაუბრუნდა ბუნებრივ გარემოს. ჩვენ გვინდა, რომ ეს შენარჩუნდეს და არ მოგვიწიოს ისევ დისტანციურ ფორმატზე გადასვლა".-აღნიშნა ჩხენკელმა.
მასალის გამოყენების პირობები






