კომუნიკაციების კომისიამ „მთავარი არხი" ეთერში უხამსობის შემცველი სიუჟეტის განთავსების გამო სამართალდამრღვევად ცნო - ამის შესახებ ინფორმაციას თავად კომუნიკაციების კომისია ავრცელებს.
საქმე ეხება ბექა ყორშიას სიუჟეტს, სადაც პარლამენტის სხდომაზე ფინანსთა მინისტრის მოვალეობის შემსრულებლის ივანე მაჭავარიანის უხერხული კადრი იყო ნაჩვენები.
განცხადებაში ნათქვამია, რომ მიუხედავად ბრალეულობისა, ტელეკომპანია ადმინისტრაციული პასუხისმგებლობისგან გათავისუფლდა, რადგან კომისიის მიზანი არ არის მისი მაუწყებლობის სანქცირება:
"კომუნიკაციების კომისიამ „მთავარი არხი" ეთერში უხამსობის შემცველი სიუჟეტის განთავსების გამო სამართალდამრღვევად ცნო, მაგრამ ადმინისტრაციული პასუხისმგებლობისგან გაათავისუფლა, ვინაიდან კომისიის მიზანი არა მაუწყებლების სანქცირება, არამედ უხამსობის შემცველი გადაცემებისგან მაყურებლების დაცვაა, სწორედ ამიტომ კომისიამ გამოიყენა თავისი კანონიერი უფლება და „მთავარ არხს" სანქცია არ დააკისრა. კომისია მოუწოდებს „მთავარ არხს" და ყველა მაუწყებელს დაიცვან კანონი, გაითვალისწინონ კომისიის მიერ მიღებული გადაწყვეტილება და არ განათავსონ ეთერში უხამსობა.
„მთავარი არხის" საკითხი საჯარო სხდომაზე კომუნიკაციების კომისიამ 21 იანვარს განიხილა, მაუწყებლის წარმომადგენლის არგუმენტები მოისმინა და გადაწყვეტილება საერთაშორისო პრაქტიკის შესწავლის საფუძველზე მიიღო. საქმე ეხება 2020 წლის 12 დეკემბერს „მთავარი არხის" საზოგადოებრივ-პოლიტიკურ გადაცემაში „მთავარი შაბათს" 21:57 საათზე გასულ სიუჟეტს, რომელიც არაეთიკური კონოტაციით წარმოჩენილ გრაფიკულ გამოსახულებასა და უხამს გამონათქვამებს შეიცავს. კომუნიკაციების კომისიამ საკითხზე მსჯელობისა და გადაწყვეტილების მიღებისას რამდენიმე მნიშვნელოვან სამართლებრივ საფუძველზე გაამახვილა ყურადღება.
„მაუწყებლობის შესახებ" საქართველოს კანონის 56-ე მუხლის მე-4 პუნქტით მაუწყებლებს ეკრძალებათ ადამიანისა და მოქალაქის ღირსებისა და ძირითად უფლებათა შემლახავი ისეთი პროგრამის ან რეკლამის განთავსება, რომელიც შეიცავს უხამსობას და რომელიც ადამიანისა და მოქალაქის ღირსებისა და ძირითადი უფლებების შემლახავია. კანონმდებლობის მიხედვით, უხამსობა განმარტებულია, როგორც „ქმედება, რომელიც ეწინააღმდეგება საზოგადოებაში დამკვიდრებულ ეთიკურ ნორმებს და არა აქვს საზოგადოებრივ-პოლიტიკური, კულტურული, საგანმანათლებლო ან მეცნიერული ღირებულება" - ნათქვამია განცხადებაში.
მასალის გამოყენების პირობები






