კოვიდპანდემია ყველაზე მოწყვლად ჯგუფს, ბავშვებსა და სტუდენტებს, ყველაზე მძიმედ შეეხო - თითქმის ერთი წელია მათ სასწავლო დაწესებულებაში სიარულის საშუალება არ აქვთ, რაც მათ მენტალობასა და ფსიქიკაზე აისახება.
დღეიდან , 18 იანვრიდან, სასწავლო წლის მეორე სემესტრი ისევ ონლაინრეჟიმში განახლდა - ონლაინსწავლების მძიმე შედეგებზე ინფექციონისტებიც საუბრობენ და აცხადებენ, რომ ერთი წელი ძალიან დიდი დროა და შეუძლია სერიოზული გავლენა იქონიოს მათ მენტალურ სტატუსზე.
ინფექციონისტი, მაია ბუწაშვილი მიიჩნევს, რომ ონლაინსწავლება არც ისე ეფექტურია და ის დიდი პრობლემა რაც გვქონდა, ბავშვები მიჯაჭვულები მობილურებთან დ ინტერენტთან, ახლა გაათმაგდა.
"იმ მასშტაბით ვერავითარ შემთხვევაში ვერც ერთი მასწავლებელი ვერ ასწავლის, როგორც პირისიპირი ინტერაქციის დროს. ბავშვებს სოციალაური აქტივობები, ადამიანებთან ურთიერთობა ძალიან სჭირდებათ და ის დიდი პრობლემა რაც გვქონდა, ბავშვები მიჯაჭვულები მობილურებთან დ ინტერენტთან, ახლა გაათმაგდა იმიტომ რომ ამის სრული საშუალება იძულების წესით მივეცით ბავშვებს. ერთი წელი ძალიან დიდი დროა, სერიოზული გავლენა შეუძლია იქონიოს მათ მენტალურ სტატუსზე" ამბობს ბუწაშვილი.
მასწავლებლები აღიარებენ, რომ მოსწავლეებთან დისტანციურ რეჟიმში კონტაქტი მათთვის რთულია, ვერ ახერხებენ პროცესის სრულად კონტროლს და სწავლების ხარისხიც, შესაბამისად იკლებს.
განათლების ექსპერტები კი მიიჩნევენ, რომ ხელისუფლებას ალტერნატიული გზა უნდა მოეძებნა იმისთვის, რომ მოსწავლეებსა და სტუდენტებს სრულყოფილად გაეგრძელებინათ განათლების მიღება, თუმცა მათივე თქმით, ხელისუფლებას არ ჰქონია არანაირი გეგმა პანდემიის პირობებში, განათლების სისტემისთვის.
მასალის გამოყენების პირობები






