სრულიად საქართველოს კათოლიკოს პატრიარქის საშობაო ეპისტოლე საპატრიარქოს ვებ–გვერდზე გავრცელდა. ეპისტოლეში პატრიარქი სხვადასხვა საკითხებთან ერთად, ქველმოქმედების მნიშვნელობაზე საუბრობს:
"შობა უფლისა გასაოცარი სიხარულის მომტანია, რომელსაც სიყვარულით, მადლიერებით და პასუხისმგებლობით უნდა შევხვდეთ. უნდა ვიცოდეთ ისიც, რომ მხოლოდ სიტყვით ღვთის სიყვარული არაფრის მომცემია, თუ იგი საქმით, მოყვასთან მიმართებაში, არ ჰპოვებს მუდმივად გამოვლენას. მოყვასის სიყვარულიც აზრს კარგავს და ამპარტავნების მიზეზად იქცევა მათთვის, ვისაც თავისი ქველმოქმედებით საკუთარი პიროვნების წარმოჩენა სურს და სიკეთეს ღვთისა და მოყვასის უანგარო სიყვარულით არ აღასრულებს. შეიძლება კარგი ექიმი იყო, ან ინჟინერი, მიწის მუშაკი, მომსახურე პერსონალი, ან მეცნიერების ნებისმიერ დარგში გქონდეს დიდი წარმატება, იყო ხელოვნების ამა თუ იმ სფეროს ცნობილი წარმომადგენელი, სპორტსმენი, ექიმი, იურისტი, მასწავლებელი, სტუდენტი, თუნდაც სასულიერო პირი, მაგრამ თუ შენს საქმიანობასთან ერთად არ გაქვს თვალი უფლისკენ მხედველი და არ ზრუნავ შინაგანი მდგომარეობის გაუმჯობესებაზე, იქნები ცარიელი ჭურჭელი, ღვთის სისავსის მიღმა მყოფი", – ნათქვამია ეპისტოლეში.
შეგახსენებთ, რომ პატრიარქის ეპისტოლე ტრადიციულად შობის დადგომისას საკათედრო ტაძარში არ იქნა წაკითხული, იგი დღეს, დღის განმავლობაში გავრცელდა.
მასალის გამოყენების პირობები






