ოკუპირებულ გალში რამდენიმე სოფელი იწვის. მასშტაბურმა ხანძარმა გაანადგურა საცხოვრებელი სახლებიც. ადგილობრივებმა პირადი ნივთების გამოტანაც ვერ მოასწრეს, რის გამოც ათამდე ოჯახი ღია ცის ქვეშ დარჩა. ზოგიერთი სოფლიდან კი მოსახლეობის ევაკუაცია გახდა საჭირო.
ადგილობრივები ამბობენ, რომ ცეცხლი ტყის მასივში გუშინ გაჩნდა. მათივე ინფორმაციით, ცეცხლი სოფლებშიც გავრცელდა, ხანძრის შედეგად 10-ზე მეტი საცხოვრებელი სახლია დამწვარი.
მათივე თქმით, განადგურებულია სახნავ-სათესები მიწები და თითქმის სრულადაა დამწვარი თხილის პლანტაციები.
ხანძრის ქრობის პროცესს ხელს უშლის ძლიერი ქარი, ასევე ხანძრისა და ძლიერი ქარის გამო რამდენიმე სოფელს ელექტროენერგია არ მიეწოდება:
"ერთი იყო თავიდან, ქარმა მოიტანა და ორი სახლი დაიწვა, მესამეც არის პატარა სახლი, მაგრამ იქ არ ცხოვრობს არავინ. ხანძარი კიდევ არის, მაგრამ ჩვენ სოფელში არ არის. ტყეში ისევ არის და გვეშინია ძალიან. არ ვიცით როგორ იქნება ღამით ჩვენი ამბავი, ღმერთმა იცის",-აცხადებს ერთ-ერთი ადგილობრივი ფორმულასთან საუბარში.
მასალის გამოყენების პირობები






