ქუთაისში ე.წ. კეჩს ბაზრობის მოვაჭრეებმა აქცია გამართეს და მუშაობის ჩვეულ რეჟიმში დაბრუნება ითხოვეს. აქციის მონაწილეები უარის შემთხვევაში თბილისში მასსთაბური აქციის გამართვითა და პროტესტის უკიდურესი ზომით - შიმშილით უმუქრებიან. მათი განცხადებით, ყველანაირი შემოსავლის გარეშე არიან დარჩენილები და ამას ის გადაუხდელი ვალებიც ემატება, რასაც დაწესებული შეზღუდვების მერე ვეღარ იხდიან. აქციის მონაწილეები აცხადებენ, რომ დაიცავენ ყველა რეგულაციასა და დისტანციას, რათა ვირუსის გავრცელების საშიშროება არ დადგეს:
"ბაზრის გახსნას ვითხოვთ, ერთი თვეა სახლში ვართ, სეზონური საქონელი გვაქვს, დაქცეულები ვართ ასეც და ისეც. გინდ კორონას მოვუკლივართ და გინდა შიმშილს. ყველანაირ რეკომენდაციებს დავიცავთ", - აცხადებს აქციის ერთ-ერთი მონაწილე.
შეგახსენებთ, რომ დაწესებული შეზღუდვების ნაწილი დღეს მოიხსნა და დიდ სავაჭრო ცენტრებსა და მოლებს მუშაობის უფლება ერთი კვირით მიეცათ. შეზღუდვების მოხსნა არ შეხებია ბაზრობებსა და ცალკეულ მაღაზიებს.
მასალის გამოყენების პირობები






