თავდაცვის სამინისტრო ვაზიანის სამხედრო ბაზაზე გადაღებულ ვიდეომასალას ავრცელებს, სადაც ჩანს, როგორ ტოვებს ტერიტორიას ჯარისკაცი.
ვიდეოკადრები 21 დეკემბრით თარიღდება და დილით, 10 საათსა და 20 წუთიდან არის გადაღებული.
თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, ჯარისკაცმა განაწესის შეცვლის შემდეგ, კონტრაქტით გათვალისწინებული დათხოვნის უფლებით ისარგებლა და სამხედრო ნაწილის ტერიტორია დატოვა.
რაც შეეხება მეორე, გარე სათვალთვალო კამერის ჩანაწერს არის ბაზის მიმდებარე პერიმეტრზე. თეიმურაზ გიუნაშვილი გადის გზის სავალ ნაწილზე და მიუყვება ბაზის ტერიტორიას. დაახლოებით 10-12 წამის განმავლობაში გრძელდება ეს ფრაგმენტი და 35 წლის მამაკაცის კვალი სწორედ ამის შემდეგ ქრება.
"სამხედრო მოსამსახურემ ისარგებლა მასზე მინიჭებული უფლებით, წასულიყო დათხოვნაში. თავისი პირადი პატაკის საფუძველზე სამხედრო მოსამსახურემ დატოვა სამხედრო ნაწილი, რასაც ადასტურებს, ასევე, გარეთ დამონტაჟებული კამერები.
მეორე დღეს, როდესაც უნდა დაბრუნებულიყო სამხედრო მოსამსახურე 22-ში 8 საათზე, არდაბრუნების შემდგომ მოხდა დაკავშირება მის ოჯახთან და გამოკითხვა, თუ სად შეიძლებოდა გვეპოვნა აღნიშნული სამხედრო მოსამსახურე, რომელსაც დღემდე ვერ ვუკავშირდებით.
ჩვენ დიდი იმედი გვაქვს, რომ აღნიშნულ სამხედრო მოსამსახურეს ვიპოვით," - განაცხადა მეოთხე ბრიგადის მეთაურმა გიგა ჯინჭარაძემ.
შეგახსენებთ, მესამე დღეა დაკარგულია მეოთხე ქვეითი ბრიგადის ჯარისკაცი, 35 წლის თეიმურაზ გიუნაშვილი.

მასალის გამოყენების პირობები






