ბელარუსის საპრეზიდენტო კანდიდატმა, სვეტლანა ტიხანოვსკაიამ ჟურნალ NEW YORKER-თან მიცემულ ინტერვიუში პრეტენზიები გამოთქვა და გააკრიტიკა ევროპელი ლიდერების ზედმეტად ფრთხილი მოქმედება ბელარუსთან მიმართებით. მისი თქმით, ამის მიზეზი არის ის, რომ ევროპა რუსეთს შეჰყურებს და სწორედ მისი ფაქტორის გამო ვერ იღებს კონკრეტულ ზომებს ბელარუსთან დაკავშირებით.
„როდესაც მე ჩვეულებრივი ადამიანი ვიყავი, ვფიქრობდი, რომ ევროპა ისე ახლოსაა და ისეთი დიდია, აგრეთვე მისი ლიდერები იმდენად ძლიერები არიან, რომ მათ აშკარად რაღაც უნდა გააკეთონ. ჩემი წარმოდგენით, ისინი გვერდზე ვერ უნდა გამდგარიყვნენ. ახლა კი მე ვხედავ, რომ მიუხედავად მათ მიერ გამოთქმული შეშფოთებებისა და სოლიდარობის გამოხატულებისა, სინამდვილეში მათ არაფრის გაკეთება შეუძლიათ“ .- განაცხადა ტიხანოვსკაიამ.
ოპოზიციის ლიდერმა აღნიშნა, რომ ევროპელ ლიდერებთან ყოველ შეხვედრაზე ცდილობს ბელარუსში მიმდინარე კონკრეტული ძალადობისა და ჩაგვრის ფაქტებზე ესაუბროს მათ და ამავდროულად აჩვენებს დარბეული და ნაცემი დემოსნტრანტების ფოტოებს. მისი თქმით, ამით იგი უფრო მეტ არგუმენტაციას სძენს თავის პრეტენზიებს, რაც ევროპელმა პოლიტიკოსებმა უფრო სერიოზულად უნდა აღიქვან, თუმცა საპასუხო რეაქცია პოტენციური პარტნიორებისგან მხოლოდ გარეგანული სიმშვიდით გამოიხატება.
„ჩვენ უკვე რამდენიმე თვეა, რაც ვმუშაობთ სანქციების დაწესებაზე, ეს ყველაფერი კი ძალზე გრძელი და რთული პროცესია. ევროპელი ლიდერები ფრთხილად მოქმედებენ და ყოველთვის შეჰყურებენ რუსეთს. ეს კი ჩვენთვის მტკივნეულია. არ არსებობს სუპერგმირი და არც მსოფლიო ლიდერი, რომელიც რამეს მოსთხოვს ლუკაშენკოს. მას როდესაც ანგელა მერკელი ურეკავს, იგი უბრალოდ არ პასუხობს ტელეფონს. ის მხოლოდ რუსეთსა და ჩინეთს ესაუბრება“- აღნიშნა ტიხანოვსკაიამ.
მასალის გამოყენების პირობები






