ამერიკის მოქმედმა პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა საპრეზიდენტო არჩევნების დასრულების შემდეგ თეთრ სახლში პირველად უპასუხა ჟურნალისტების მიერ დასმულ შეკითხვებს, რა დროსაც ერთ-ერთ რეპორტიორს, რომელმაც ეჭვქვეშ დააყენა ტრამპის პრეტენზიები და განცხადებები არჩევნების გაყალბებასთან დაკავშირებით, განუცხადა : „ ნუ მელაპარაკებით მსგავსი ფორმით. თქვენ მსუბუქი წონის ხართ, მე კი ამერიკის პრეზიდენტი ვარ, არასოდეს დაელაპარაკოთ ასე აშშ-ს პრეზიდენტს“.
მადლიერების დღეს გამართულ ბრიფინგზე დონალდ ტრამპს სხვა შეკითხვებიც დაუსვეს ჟურნალისტებმა, რა დროსაც პრეზიდენტმა განაცხადა, რომ იგი იმ შემთხვევაში დატოვებს პრეზიდენტის პოსტს, თუ საარჩევნო კოლეგია ოფიციალურად აღიარებს ჯო ბაიდენს არჩევნებში გამარჯვებულად.
„იმ შემთხვევაში თუ 14 დეკემბერს იგი ოფიციალურად გამოცხადდება გამარჯვებულად, მე წავალ რა თქმა უნდა და თქვენ ეს კარგად იცით, თუმცა გამორიცხულია ის ფაქტი, რომ ბაიდენს ამ არჩევნებში 80 მილიონი ხმა აეღო“ - აღნიშნა ტრამპმა.
„საკმაოდ რთული იქნება დამარცხების აღიარება, რადგან აქ მასობრივი მოტყუება და გაყალბება იყო. ამერიკის არჩევნები მესამე მსოფლიოს ქვეყნის არჩევნებს ჰგავდა“ - განაცხადა ტრამპმა.
მასალის გამოყენების პირობები






