ბოჭორიშვილის კლინიკის გენერალური დირექტორი, დავით გადელია აცხადებს, რომ მათ საავადმყოფოში თავისუფალი ადგილი დიდი ხანია არ არის და პირველივე განთავისუფლებულში ათავსებენ იმ პაციენტს, ვისაც იმ წუთას სჭირდება.
"მესმის ყველას უსასოობა. ვინც მიცნობს იცის, რომ მუდმივად მორალურ სტრესში ვარ იმის გამო, რომ ვერ გეხმარებით ყველას, რადგან არანაირი თავისუფალი საწოლი დიდი ხანია კლინიკაში არ გვაქვს და პირველივე განთავისუფლებულში ვათავსებთ მას, ვისაც იმ წუთას სჭირდება - ყოველგვარი "ჩაწყობის" გარეშე", - წერს ის.
მისი თქმით, სხვა შესაძლებლობა არ არის და შემდეგი აუცილებელი ნაბიჯი იქნება სპორტულ დარბაზებში საწოლების ჩადგმა. გაბელია აღნიშნავს, რომ კორონავირუსის პანდემიას არც 90-იანების ომი და გასაჭირი შეედრება და არც უფრო ადრე გავრცელებული ქოლერის ეპიდემია.
"კლინიკაში ვინმეს მოთავსების არანაირი რესურსი არ მაქვს და სანამ დაავადებულს შესაძლებლობა აქვს, კიდევაც ჯობს სახლის ან სასტუმროს პირობებში იმკურნალოს, ვიდრე კლინიკაში 3-4 კაცთან იყოს პალატაში. ეს რაოდენობა, რა თქმა უნდა, არანორმალურია პალატისთვის, მაგრამ სახელმწიფომ კანონით დართო ნება კლინიკებს, პანდემიის დროს არ მიაქციონ ყურადღება სალიცენზიო პირობებს. ამას ერთი ახსნა აქვს -სხვა შესაძლებლობა არაა და შემდეგი აუცილებელი ნაბიჯი იქნება სპორტულ დარბაზებში საწოლების და ჟანგბადის ბალონების ჩადგმა ისევე, როგორც მოხდა ევროპის ბევრ ქვეყანაში. ამ დროს კი საერთოდ რა პირობებზე იქნება საუბარი", -წერს გადელია.
მასალის გამოყენების პირობები






