მთიან ყარაბაღში სომხურ და აზერბაიჯანულ საჯარისო შენაერთებს შორის საბრძოლო შეტაკებები, რომელიც 27 სექტემბერს დაიწყო დღემდე გრძელდება. რამდენიმე რაიონული ცენტრის დაკავების შემდეგ დაპირისპირების მთავარ კერას წარმოადგენს ქალაქი შუშა, ე.წ წითელი ბაზრის, ხოჯავენდისა და ლაჩინის დერეფნის მიმართულება. აზერბაიჯანული საჰაერო ძალები სომხური არმიის პოზიციებზე იერიშის მისატანად უკანასკნელი დღეების განმავლობაში აქტიურად იყენებდნენ უპილოტო დამრტყმელ ავიაციასა და თანამედროვე ტიპის ზალპური ცეცხლის სარაკეტო არტილერიას.
სომხური და აზერბაიჯანული მედიის ცნობით, გავრცელდა ინფორმაცია, რომ აზერბაიჯანული სპეცდანიშნულების რაზმებმა ლაჩინის დერეფანი ქალაქი შუშის სიახლოვეს გადაკეტეს. ამ დროისთვის აქტიურად მიმდინარეობს ქვეითი ნაწილების გადასროლა აღნიშნული სპეცჯგუფების გასაძლიერებლად. სომხების თქმით, მათ თავიანთი ინიციატივით გადაკეტეს აღნიშნული გზა, რადგან სამოქალაქო ტრანსპორტისთვის ის უკვე უსაფრთხო აღარაა.
რუსი სამხედრო ექსპერტების ვარაუდით, აღნიშული ინფორმაცია თუ სიმართლეს შეესაბამება, სომხური სამხედრო ნაწილები უმძიმეს მდგომარეობაში ჩავარდებიან, რადგან ლაჩინის კორიდორის გადაკეტვით სომეხთა არმიის მომარაგება ვეღარ მოხდება, რაც გამოიწვევს იმას, რომ დროთა განმავლობაში მთიანი ყარაბაღის დამცველებს საბრძოლო მასალა გამოელევათ.
ვრცელდება ინფორმაცია აგრეთვე იმის შესახებ, რომ ყარაბაღის მთავრობამ დატოვა ქალაქი სტეფანაკერტი და გადავიდა ერევანში.
აზერბაიჯანის თავდაცვის სამინისტრომ გამოაქვეყნა კადრები, რომელიც ასახავს სომხური არმიის მიერ ბრძოლის ველზე მიტოვებულ საბრძოლო ტექნიკას, რომელთა შორისაა ტანკები, ქვეითთა საბრძოლო მანქანები, საზენიტო ქვემეხები, საარტილერიო ჰაუბიცები, თვითმავალი საარტილერიო დანადგარები და ა.შ.
მასალის გამოყენების პირობები






