აუდიოჩანაწერის მოსმენის შემდეგ სოციალურ ქსელებში ყველას გაუჩნდა სურვილი გაეგო, თუ ვინ არიან პაციენტი და კლინიკის ოპერატორი, რომელთაც საზოგადოება ასე გაამხიარულეს.
ოპერატორისა და პაციენტის ვინაობა "პრაიმტაიმმა" გაარკვია. ოპერატორი ირმა ზვერიაშვილია, ხოლო პაციენტი კი რეჟისორი შალვა შენგელი გახლავთ.
"პრაიმტაიმი" ირმა ზვერიაშვილს დაუკავშირდა და მათ ოპერატორმა რეალური ისტორია უამბო.
„ზოგადად ჩაწერა წინასწარ ხდება, არამხოლოდ პროფილის ექიმებთან, არამედ თერაპევტებთანაც და თან ძალიან ბევრი პაციენტია. 2-3 კვირის მერე თავისუფლდება ადგილი. არის პროფილის ექიმები, რომლებთანაც ოქტომბერში ჩაეწერნენ და დეკემბერის ბოლოს აქვთ მხოლოდ ადგილი.
უშუალოდ ეს ზარი განხორციელდა 18 ოქტომბერს და მე ვწერ 10 ნოემბერს, პაციენტი მეუბნება, რომ ამ წლის? ამ დროს სიცილი ვერ შევიკავე, მაგრამ არ მაქვს უფლება, რომ პაციენტის ნათქვამზე გავიცინო და ვპასუხობ დიახ რა თქმა უნდათქო, აი იქ უკვე ვიღაცის სიცილი, რომ გავიგე თავი ვეღარ შევიკავე. გაუჩერებელი სიცილი იყო. მითხრა მაინც ჩამწერე რა იცი რა ხდებაო, თუ მე ვერ მოვალ ჩემი შთამომავლობა მოვაო. ამის მერე სტანდარტული ტექსტით დავემშვიდობე, ვუსურვე ჯანმრთელობა.
ნამდვილად არ ველოდი ეს ზარი თუ ასე გავრცელდებოდა, რადგან მეგობრებში არ გამივრცელებია, უბრალოდ სამსახურის ჯგუფში ჩავაგდე გოგოებისთვის რომ პოზიტივი შემეტანა, რადგან ძალიან ბევრი მძიმე ზარიც ხორციელდება. მეთქი გოგოებო გაიხალისეთ დღე როცა ცუდი ზარი გექნებათ“,- ამბობს ჩვენთან საუბრისას ირმა ზვერიაშვილი.
მასალის გამოყენების პირობები






