ICI Trade არის კომპანია, რომელსაც სხვადასხვა ბრენდების სავაჭრო ობიექტები აქვს საქართველოს მასშტაბით და საკმაოდ წარმატებულადაც მუშაობს ქართულ ბაზარზე, თუმცა რამდენად პასუხისმგებელი კომპანიაა მასში დასაქმებული თანამშრომლების მიმართ, ეს ცალკე საკითხია.
ამგვარი ეჭვი მას შემდეგ გაჩნდა, რაც კომპანიაში დასაქმებულ ერთ-ერთ თანამშრომელს კორონავირუსი აღმოაჩნდა, მასთან შემხებლობაში მყოფ სხვა პირებს კი თვითიზოლაციაში არ უშვებენ და მაღაზიები ჩვეულ რეჟიმში აგრძელებენ მუშაობას.
ამის შესახებ ინფორმაცია ნიუპოსტს წყარომ მიაწოდა, რომელიც კომპანიაში დასაქმებული ერთ-ერთი თანამშრომელია.
კერძოდ, ჩვენმა წყარომ გვითხრა, რომ დამლაგებელი, რომელიც ინფიცირებული აღმოჩნდა, რამდენიმე ფილიალში მუშაობს და კომპანიის ბევრ თანამშრომელს მასთან პირდაპირი შემხებლობა ჰქონდა:
„ორი დღე შეუძლოდ იყო, სისუსტეს უჩიოდა და ჩვენ ვუთხარით, სახლში წასულიყო. მესამე დღეს თავად კომპანიამ გაუკეთა კორონავირუსზე ტესტი და ის კოვიდდადებითი აღმოჩნდა. რაც შეგვეხება ჩვენ, რომლებსაც მასთან პირდაპირ კონტაქტი გვქონდა, არ გვიშვებენ თვითიზოლაციაში. ჩვენი პროტესტის შემდეგ ეიჩარმა თქვა, ვისაც პრეტენზიები აქვს, შეუძლია სახლში მიბრძანდესო. იმ შემთხვევაში, თუ ჩვენ სიცხე არ გვაქვს ან რაიმე არ გვაწუხებს, არ გვიშვებენ თვითიზოლაციაში, ხომ შეიძლება უსიმპტომოდ გვქონდეს ვირუსი და ვერ გავიგოთ, იმდენი ფინანსური შესაძლებლობა კიდევ არ გვაქვს, რომ ტესტი ჩავიტაროთ, მოგეხსენებათ, ფასიანია უსიმპტომოდ შემოწმება. ბევრ ადამიანთან გვაქვს შეხება, კლიენტები მოდიან და რა უნდა ვქნათ, არ ვიცი, ფაქტობრივად, უსამსახუროდ ვრჩებით, თუ ახლა დავტოვებთ სამსახურებს. ჩვენი მაღაზიის სხვა ფილიალში, რომელიც "სითი მოლშია", კიდევ ერთ თანამშრომელს დაუდასტურდა, მაგრამ ის ფილიალიც აგრძელებს მუშაობას ისე, რომ თანამშრომლები თვითიზოლაციაში არ გადასულან“ - განაცხადა ჩვენმა წყარომ.
აღნიშნული საკითხით მომენტალურად დავინტერესდით და დავურეკეთ კომპანიის ხელმძღვანელს ნანი ანდიაშვილს და ვითარებაში გარკვევა ვთხოვეთ. მან ჩვენთან საუბარში აღნიშნული ფაქტი უარყო და განაცხადა, რომ თუ თანამშრომლებს უფიქსირდებათ სიცხე, ისინი სახლში უშვებენ მას და მუშაობას არ აძალებენ, თუმცა, ინფიცირებულ დასაქმებულსა და მის კონტაქტებზე ამომწურავი პასუხი მაინც ვერ მივიღეთ.
- არ ვიცი ახლა, 600 თანამშრომელი გვყავს და ყველას სახელი და გვარი არ ვიცი. ვისაც უფიქსირდება ვირუსი, ყველას ვუშვებთ, გაგვაჩნია შიდა პროტოკოლი და არ ვაიძულებთ მუშაობას.
- ქალბატონო ნანი, არავინ გედავებათ იმაზე, რომ ინფიცირებულს არ უშვებთ, უბრალოდ ის ადამიანები არ არიან თვითიზოლაციაში, რომლებიც მასთან პირდაპირ შემხებლობაში იყვნენ და არიან ინფიცირებულის კონტქატები, ამაზე რა პასუხს გაგვცემთ?
- ვისაც უდასტურდება, ის აცხადებს, რომ ვირუსი აქვს, საქმის კურსში გვაყენებს...
- განაცხადა ქალბატონო ნანი, სხვაგვარად მე ეს ინფორმაცია არ მექნებოდა...
- ვინმემ განაცხადა, რომ ცუდად იყო და არ გავუშვით?
- მთელი ფილიალის თანამშრომლები ჩივიან, როგორ თუ არ განაცხადეს. ასეთ დროს პროტოკოლი მოითხოვს, რომ კონტაქტები უნდა იყვნენ თვითიზოლაციაში. ისინი ყველანი კონტაქტები არიან, ამას გიხსნით ამდენი ხანია...
- მერე რა, შეიძლება ისეთ დროს გამოუვლინდა, როდესაც არ ჰქონდა მათთან კონტაქტი.
- ახლავე მოგახსენებთ - ორი დღე თანამშრომელი თავს ცუდად გრძნობდა და მესამე დღეს გამოუვლინდა, ასეთ შემთხვევაში თანამშრომლები არ უნდა გაუშვათ თვითიზოლაციაში?
- ვაიმე, გავიგე, მაგრამ ჩვენ ექიმები გვეუბნებიან, რომ გამოვლნიდან 15 წუთის განმავლობაში არავისთან უნდა ჰქონდეს ინფიცირებულს კონტაქტი, თუ ეს დაცული იყო, მაშინ პრობლემა არ არის.
- და თუ გვიან გაიკეთა ტესტი და მანამდე სხვებთან ჰქონდა კონტაქტი, ასეთ დროს რატომ არ გსურთ, რომ გაუშვათ სხვა თანამშრომლებიც, რომელთა ინფიცირების ალბათობაც დიდია?
- ჩვენ ჩვენი შრომის უსაფრთხოების სამსახური გვაქვს და კომპანია, რომელიც გვემსახურება, გვეუბნება, რომ ყველა დეტალის საქმის კურსშია. შეგიძლიათ მიმართოთ ჩვენს კონტრაქტორ კომპანიას, რომელიც ამაზე პასუხს გაგცემთ. სწორედ მათ მიერ გაცემულ რეკომენდაციებს ვითვალისწინებთ, მე არ ვარ მაგისი სპეციალისტი. რაც შეეხებათ თავად თანამშრომლებს, ყველას აქვს წვდომა შრომის უსაფრთხოების მენეჯერთან, რომელიც ვალდებულია ეს ინფორმაცია მიაწოდოს, ისინი აგვარებენ ამას. არავინ არავის არ აძალებს, გინდა თუ არა თუ კონტაქტში იყავი ინფიცირებულთან, მოდი და იმუშავეო. ჩვენი ინტერესეი ის არ არის, რომ ვიღაც ცუდად იყოს და ვამუშაოთ.
აღნიშნულ ფაქტთან დაკავშირებით ჩვენ ასევე დავუკავშირდით ჯანდაცვის სამინისტროს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურს და ვკითხეთ, რამდენად შეიძლებოდა ინფიცირებულ პირთან კონტაქტში მყოფი თანამშრომლების მუშაობა ისეთ სფეროში, რომელიც მომხმარებელთან პირდაპირ კავშირშია:
„როგორ შეიძლება, დაუშვებელი ფაქტია, ინფიცირებულის ახლო კონტაქტები ვინც არიან, დაუყონებლივ თვითიზოლაციაში უნდა გადავიდნენ. ახლო კონტაქტები თუ იყვნენ, ეს კანონით არის გათვალისწინებული, რომ თვითიზოლაციაში გადავიდნენ და დააკვირდნენ მათი ჯანმრთელობის მდგომარეობას, რაიმე სიმპტომი გამოუვლინდებათ თუ არა, ოჯახის ექიმთან უნდა დარეკონ და ა.შ. მთელი პროტოკოლია შემუშავებული ამ საკითხთან დაკავშირებით“ - განაცხადეს ჯანდაცვის სამინისტროში.
მასალის გამოყენების პირობები






