კიევში საპროტესტო აქციები გრძელდება. ამ დროისთვის ადგილზე ოპოზიციის ლიდერები და აქციის მონაწილეები იმყოფებიან. უცხოური მედიის ინფორმაციით, ისინი, მთავრობის სახლის პიკეტირებას გეგმავენ. აქცია გრძელდება დამოუკიდებლობის მოედანზეც, სადაც იანუკოვიჩის გადაწყვეტილებით უკმაყოფილო მოქალაქეებს გვიან ღამით ევროპელი პოლიტიკოსებიც შეუერთდნენ. საკუთარი პროდუქციის რუსულ ბაზარზე დაბრუნების მიუხედავად, მაიდანზე იდგა კომპანია "როშენის" დირექტორიც, რომელიც დემონსტრანტებთან ერთად, უკრაინის პრეზიდენტს ევროკავშირთან შეჩერებული მოლაპარაკებების განახლებისკენ მოუწოდებს.
შიდა პროტესტთან ერთად, იზრდება საერთაშორისო ზეწოლაც. თეთრი სახლის ვებგვერდზე უკვე გაჩნდა პეტიცია, სადაც ასეულობით მოქალაქე ვიქტორ იანუკოვიჩის დასჯას ითხოვს.
ევროპელი პარტნიორების ღია კრიტიკის შემდეგ, უკრაინის ხელისუფლება თავის მართლების რეჟიმში გადადის. თუმცა, პრეზიდენტისა და პრემიერის ახსნა-განმარტებები ერთმანეთს არ ემთხვევა.
საპროტესტო ტალღის მიუხედავად, მთავრობა გადაწყვეტილების შეცვლას არ აპირებს: ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულების ხელმოწერაზე მოლაპარაკებების შეჩერება ისევ ძალაში რჩება.
მასალის გამოყენების პირობები






