პოლონეთის ექს-პრეზიდენტის ალექსანდრე კვასნევსკის თქმით, ევროკავშირი ზედმეტად გვიან მიხვდა, თუ რა ნეგატიურ შედეგებს მოიტანს რუსეთის ეკონომიკური ზეწოლა, და დღეს კომპენსაციის შეთავაზება, შესაძლოა, უკვე ძალიან გვიანია, ვილნიუსის სამიტამდე ხომ მხოლოდ ორი დღე დარჩა.
უკრაინას, ევროკავშირთან ასოცირების საკითხში, ჯერ კიდევ არ დაუკარგავს ყველაფერი, და ვილნიუსის სამიტზე ევროკავშირთან ასოცირების შესახებ შეთანხმებაზე ხელის არ მოწერაც, არ ნიშნავს ევროინტეგრაციის კურსზე უარს.
ამის შესახებ, უკრაინაში ევროპარლამენტის მისიის წევრმა, პოლონეთის ექს-პრეზიდენტმა, ალექსანდრე კვასნევსკიმ პოლონურ რადიოსთან Radio ZET ინტერვიუში განაცხადა.
კითხვაზე, აშანტაჟებს თუ არა რუსეთი იანუკოვიჩს, კვასნევსკიმ განაცხადა: „რუსები, უკრაინისთვის ბრძოლაში, იყენებდნენ ძალიან უხეშ მეთოდებს, თუ არა - დაუნდობელს. ზაფხულიდან მოყოლებული, უკრაინული ექსპორტი იბლოკება, უკრაინისთვის ეს სავაჭრო ბრუნვის თითქმის 40%-ია“.
მისი თქმით, რუსეთი ამ ეკონომიკური დრამის „არსებითი დამნაშავეა“, და რუსეთის ფედერაცია ამ ბერკეტებს იყენებს ისე ძლიერად, რომ იანუკოვიჩი, პრემიერი ნიკოლაი აზაროვი და უკრაინული ხელისუფლება შედრკა.
მასალის გამოყენების პირობები






