აზერბაიჯანსა და სომხურ შეიარაღებულ ძალებს შორის სამხედრო შეტაკებები ყარაბაღში გრძელდება. სომხეთის თავდაცვის სამინისტროს წარმომადგენლის თქმით, გასული ღამის განმავლობაში სტეფანაკერტსა და ე.წ არცახის ქალაქებში შედარებით სიმშვიდე იგრძნობოდა, თუმცა დილიდან აზერბაიჯანულმა არტილერიამ მასირებული სარაკეტო იერიშები განახორციელა დასახლებული პუნქტების მიმართულებით.
გასული დღე-ღამის განმავლობაში აქტიური სამხედრო შეტაკებები მიმდინარეობდა ყარაბაღის დაბა ჰადრუთის მიდამოებში. დასახლებული პუნქტის გარშემო არსებულ მაღლობებს დასავლეთ და სამხრეთ მიმართლებებს აზერბაიჯანი აკონტროლებს, თუმცა როგორც ბოლო ინფორმაციით გაირკვა აზერბაიჯანულმა არმიამ დაიწყო ჩრდილო-აღმოსავლეთ ქედზე მყოფი სომეხი ჯარისკაცებისთვის შეტევა. ექსპერტთა ვარაუდით, აზერბაიჯანული შეიარაღებული ძალები ცდილობენ ქალაქი ჰადრუთი სრულ ალყაში მოქცევას, რომლის ფონზეც მისი „გათავისუფლება“ დროის საკითხი იქნება მხოლოდ.

სომხური მხარის განცხადებით, უკანასკნელი დღეების განმავლობაში დიდი დანაკარგი აქვთ ჰადრუთის მიდამოებში. ე.წ არცახის თავდაცვის სამინისტო ომის დაწყებიდან დღემდე უკვე 600 -მდე დაღუპული სამხედროს შესახებ იტყობინება. სომეხთა რიგებში დანაკარგის უდიდესი ნაწილი უპილოტო საფრენ აპარატებზე, საარტილერიო და სარაკეტო იერიშებზე მოდის.
“ჩვენს სახელმწიფოს გააჩნია მტკიცე ნება-სურვილი და ძლიერი არმია. არავის შეუძლია ჩვენი შეჩერება. ჩვენ სწორე გზაზე ვდგავართ და ამ გზაზე სვლას ბოლომდე გავაგრძელებთ“- განაცხადა ილჰამ ალიევმა
აზერბაიჯანის პრეზიდენტის თქმით, აზერბაიჯანის შეიარაღებული ძალები ყოველ დღე აღწევენ წარმატებას- „ ყოველდღე თავისუფლდება რამდენიმა ქალაქი, სოფელი და დასახლებული პუნქტი, ისინი აზერბაიჯანული არმიის კონტროლქვეშ გადადის“.
აზერბაიჯანის თავდაცვის სამინისტრო თავის გვერდზე აქვეყნებს დაბა ჰადრუთის გარშემო დაკავებული სიმაღლეების კადრებს. შეიარაღებული ძალების ოფიციალურმა გვერდმა აგრეთვე პირველად გაასაჯაროვა სამხრეთ მიმართულებაზე გათავისუფლებული ქალაქ ჯებრაილის ვიდეოები.
თავის მხრივ სომხური მხარე ადასტურებს დიდ დანაკარგებს ცოცხალ ძალასა და საბრძოლო ტექნიკაში, თუმცა აღნიშნავენ, რომ თავდაცვითი პოზიციები სრულ მზადყოფნაშია და მზად არიან, ნებისმიერი შეტევა მოიგერიონ. ე.წ მთიანი ყარაბაღის თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, სპეცდანიშნულების რაზმები რამდენიმე მიმართულებით გადავიდნენ შეტევაზე და ჩასაფრებაში ათეულობით აზერბაიჯანელი სამხედრო დახოცეს.
აზერბაიჯანის პრეზიდენტმა, ილჰამ ალიევმა უდიდესი პატივისცემა გამოხატა იმ თურქი კონსტრუქტორების მიმართ, რომელთაც დაამზადეს დამრტყმელი დრონები- სწორედ აღნიშნული უპილოტო საფრენი აპარატებით აწარმოებს დღეს ოფიციალური არმია სამხედრო ოპერაციას ყარაბაღში.
„რა თქმა უნდა, ეს გახლავთ, ძალზე თანამედროვე, მოწინავე შეიარაღება. შემიძლია გითხრათ, რომ მხოლოდ თურქეთიდან შეძენილი დრონებით, ჩვენ სომხეთის არმიის მილიარდ დოლარამდე საბრძოლო ტექნიკა გავანადგურეთ- და ეს მხოლოდ დრონების საშუალებით. ჩვენ ვიყენებთ არტილერიას და სხვადასხვა სახის მრავალმიზნობრივ სამხედრო დანადგარებს, რომლებიც უმძიმეს ზიანს აყენებენ სომხეთის შეიარაღებულ ძალებს“- განაცხადა ინტერვიუში ილჰამ ალიევმა.
მასალის გამოყენების პირობები






