იულია ტიმოშენკომ უვადო შიმშილობა გამოაცხადა და ხარკოვის საავადმყოფოს პალატის ფანჯრიდან ევროკავშირის დროშა გადმოჰკიდა, რომელიც თავისი ტანსაცმლის ნაჭრებისგან შეკერა.
ამის შესახებ ჟურნალისტებს ტიმოშენკოს ადვოკატმა სერგეი ვლასენკომ უთხრა. მანვე გადასცა აქციის მონაწილეებს ტიმოშენკოს წუხილი იმის თაობაზე, რომ აქციებს უკრაინის ევროინტეგრაციის მოთხოვნით თავად ვერ ესწრება. უკრაინის ექსპრემიერი მოითხოვს, ვიქტორ იანუკოვიჩმა ხელი მოაწეროს ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულებას:
"ვამაყობ, რომ ისეთი დიდი და ძლიერი ერის ნაწილი ვარ, რომელმაც შეძლო სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის მოპოვება და მისი შენარჩუნება.
რომელმაც გაუძლო ჰოლოდომორს და საბჭოთა წამებას, მაინც შეძლო და გაიმართა, მოიპოვა თავისუფლება ნარინჯისფერი რევოლუციის დროს და დღეს კიდევ გამონახა ძალა, რომ ყველა ევროპულ მოედანზე შეიკრიბოს და ისევ გაიმარჯვოს", - აცხადებს ტიმოშენკო.
მასალის გამოყენების პირობები






