ფრანგმა პოლიტიკოს, რესპუბლიკური პარტიის ლიდერმა და ყოფილმა სახელმწიფო მინისტრმა, ლორან ტიმოტი მარი უაკისმა ფეისბუქის საკუთარ გვერდზე სენსაციური პოსტი გამოაქვეყნა, სადაც ჯავახეთის მხარე და ახალქალაქი სომხურ ტერიტორიადაა მოხსენიებული.
„პირობა დავდე, რომ სომხეთსა და არცახს არასოდეს დავნებდები. ჩვენ დღეს ვდგავართ არცახელი ხალხის გვერდით, რომლებიც აზერბაიჯანელთა მხრიდან ბარბაროსულ შეტევას განიცდიან. საფრანგეთი გამოყოფს 55 000 ევროს რათა 13 ტონა სამედიცინო და გადაუდებელი პირველადი დახმარების ატრიბუტები იქნეს გაგზავნილი კონფლიქტის ზონაში მყოფი იმ ოჯახებისათვის, რომლებმაც ყველაფერი დაკარგეს. ჩვენ მარტო არ დაგტოვებთ. ჩვენ ყოველთვის ვიყავით სომხების მხარეს, რომლებსაც სურთ, რომ იცხოვრონ ღირსებით და მშვიდობიანად თავიანთ ოჯახებთან ერთად არცახში“ - აცხადებს ფრანგი პოლიტიკოსი ფეისბუქის საკუთარ გვერდზე.
მის პუბლიკაციას უკვე გამოეხმაურა ძალზე ბევრი ქართველი ფეისბუქ მომხმარებელი, რომლებიც აქტიურად უწერენ, რომ იგი ახდენს ფაქტების მიზანმიმართლ დამახინჯებას, რომ მან არ იცის ისტორია, რისი დასტურიც გახლავთ ქართული მიწის სომხეთისთვის მისაკუთრება იმ რუკაზე, რომელიც ფრანგმა პოლიტიკოსმა სოციალურ სივრცეში გამოაქვეყნა.



მასალის გამოყენების პირობები






