რუსი ოპოზიციონერი ბერლინის საავადმყოფოში 32 დღის განმავლობაში მკურნალობდა. აქედან 24 დღე მან რეანიმაციულ განყოფილებაში გაატარა.
ნავალნი ახლა რუსეთიდან იმ სამოსის გადმოცემას ითხოვს, რომელიც თვითმფმრინავში გონების დაკარგვის დროს ეცვა. რადგან მომწამვლელი ნივთიერება მის სხეულზე იქნა აღმოჩენილი, ამიტომ პუტინის კრიტიკოსს სურს დაადგინოს, რა გარემოებაში მოხდა მისი მკვლელობის მცდელობა.
ის ასევე ეხმაურება რუსეთის პრეზიდენტის მოსაზრებას, რომლის მიხედვითაც ნავალნიმ საკუთარი თავი თავადვე მოიწამლა:
„კარგი ვერსიაა. ვთვლი, რომ ყურადღებით შესწავლას იმსახურებს. სამზარეულოში თავად დავამზადე "ნოვიჩოკი". თვითმფრინავში წყნარად მოვწრუპე ბოთლიდან. ჩავვარდი კომაში. მანამდე მოველაპარაკე მეუღლეს, მეგობრებს და კოლეგებს, რომ თუ ჯანდაცვის სამინისტრო დაჟინებით მოითხოვდა, რომ მე სამკურნალოდ გერმანიაში გადავეყვანე, მათ ეს არავითარ შემთხვევაში არ დაეშვათ. ომსკის საავადმყოფოში სიკვდილი და ომსკის მორგში მოხვედრა, სადაც სიკვდილის მიზეზად დაადგენდნენ "იცხოვრა საკმარისი" - აი, ჩემი ეშმაკური გეგმის საბოლოო მიზანი. მაგრამ პუტინმა მომიგო, მას ასე ადვილად ვერ გააცურებ. საბოლოოდ, მე სულელს, კომაში ყოფნა 18 დღე მომიწია, მაგრამ ჩემსას ვერ მივაღწიე, პროვოკაცია არ გამომივიდა," - წერს ნავალნი სოციალურ ქსელში.
შეგახსენებთ, რომ რუსი ოპოზიციონერი ალექსეი ნავალნი ომსკის საავადმყოფოში 20 აგვისტოს, მას შემდეგ მოათავსეს, რაც თვითმფრინავში თავი შეუძლოდ იგრძნო და გონება დაკარგა. ოჯახის ინფორმაციით, ის ცუდად მაშინ გახდა, რაც ჩაი დალია, ამიტომ, შესაძლოა, ნავალნი განზრახ მოეწამლათ, რაც მისი საქმიანობიდან გამომდინარე, ბუნებრივიცაა.
21 აგვისტოს ევროკომისიამ განცხადება გაავრცელა და მოსკოვს ნავალნის გერმანიაში გაშვებისკენ მოუწოდა. კომისიამ ასევე მოითხოვა, რომ მომხდარზე სრულფასოვანი, გამჭვირვალე და ობიექტურ გამოძიება ჩაატარონ.
ნავალნი სამკურნალოდ გერმანიაში 22 აგვისტოს გადაიყვანეს.
მასალის გამოყენების პირობები






