თბილისის ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორმა მარინა ეზუგბაიამ კიდევ ერთხელ გაამახვილა ყურადღება, თუ რამდენად არის მზად ჯანდაცვის სისტემა, შემთხვევების გაზრდილ რაოდენობას გაუმკლავდეს.
მისი თქმით, ამ ეტაპზე მობილიზებულია საწოლების იმაზე მეტი რაოდენობა, ვიდრე საჭიროა.
„როცა ორნიშნა ციფრები გვქონდა, 460-500 საწოლამდე იყო საუბარი, დღეს გახდა სამნიშნა ციფრები და საწოლების რაოდენობა გასამმაგდა. თუ საჭირო იქნება, ავა 3000-მდე. პარალელურად შეიქმნა სასტუმრო-ჰოსპიტლები, სადაც მოხდება მსუბუქების და ასიმპტომურების გადაყვანა. მსოფლიოში გამოცდილება ასეთია, რომ მსუბუქი და ასიმპტომური პაციენტების მკურნალობა მიდის ბინაზე. ჩვენ ამას არ ვაკეთებთ, ამ ეტაპზე გვაქვს საშუალება, რომ როგორმე დაავადების პრევენცია მოვახდინოთ, ანუ დაავადების გავრცელება არსებულ სიტუაციაში იყოს მინიმიზირებული, რადგან პაციენტების გადაყვანა ნებისმიერ სივრცეში, საკარანტინო იქნება, ჰოსპიტალი, თუ ჰოსპიტლის შემდეგ სასტუმრო ჰოსპიტალი, არის საფუძველი, რომ შემდეგში დაავადების გავრცელება დავბლოკოთ.
ვიდრე შეგვეძლება, რომ სტაციონარში და სასტუმრო სტაციონარში გავაგრძელოთ პაციენტების მოვლა, გაგრძელდება. არამგონია, ქვეყანაში იყოს ისეთი რაოდენობა, რომ ვერ მოვახერხოთ სიტუაციის დასტაბილურება, თუნდაც აჭარის სწრაფი ლოკალიზება. დანარჩენები, ხედავთ, ლოკალიზებულია, იმერეთი, გურია, სამეგრელო. მონაცემების განსაკუთრებული ზრდა არ შეინიშნება. ძირითადად საყურადღებო არის აჭარა, რადგან დიდი მობილობა იყო. აჭარის შემთხვევები მყარია, მუდმივობას ინარჩუნებს და ალბათ მომავალში არა გაზრდისკენ, შემცირებისკენ წავა. ამ ეტაპზე მობილიზებულია საწოლების იმაზე მეტი რაოდენობა, ვიდრე გვჭირდება. არსებობს საწოლების ის რაოდენობა, რაც ამ პაციენტების მართვას უმტკივნეულოდ განახორციელებს. არსებობს სტაციონარები, რომლის გადაკეთება კოვიდ-ცენტრებად არ არის რთული, ეს შეიძლება მოხდეს სულ 2-3 დღეში, თუ ამის საჭიროება დადგება “, – განაცხადა ეზუგბაიამ.
მასალის გამოყენების პირობები






