ნანუკა ჟორჟოლიანს დედა ორი თვის წინ, ფილტვის სიმსივნით გარდაეცვალა. როცა დიაგნოზის შესახებ შეიტყვეს, უკვე შორის წასული ფორმა იყო.
ემოციური ინტერვიუ ტელეწამყვანმა მამასთანაც ჩაწერა.
„დროსთან ერთად ტკივილი არ ნელდება, უბრალოდ შენს ტრაგედიასთან აზრობრივად შეგუება ხდება. ტკივილი ტკივილად რჩება და სიცარიელეს ვერაფერი ავსებს.
ამბობენ კაცებს უფრო უჭირთ დაქვრივება ვიდრე ქალებსო, მართალი ყოფილა. მშობლები გარდაცვლილი მყავს და მეუღლის გარდაცვალება სულ სხვა ტკივილი ყოფილა. ჩემი და დარეჯანის ურთიერთობა ბავშვობიდან დაიწყო, მესამე კლასში ვიყავით, რომ შემიყვარდა. 45 წელი ერთად ვიცხოვრეთ. როცა ასეთ ადამიანს კარგავ დიდი ტკივილია.
მამაკაცი მაინც ორიენტირებულია ოჯახის გარე საქმეებზე, ოჯახის შიდა რუტინა რასაც ქალები აწესრიგებენ, მამაკაცებისთვის არ არის. ახლა გამოდის, რომ ეგ თავის ტკივილი შენ, ნანუკამ უნდა გაითავისო…
დაჯი გაწონასწორებული და მშვიდი ქალი გახლდათ. საოცრად მზრუნველი იყო ოჯახზე, შვილებზე და მეუღლეზე. უყვარდა ადამიანები. იშვიათად მინახავს ვინმე, ვისთანაც დარეჯანს უსიამოვნება ჰქონდა.
როცა დაჯის დიაგნოზი გავიგეთ, უცებ გადავფრინდით თურქეთში. იქ გვითხრეს ზუსტი დრო რამდენი ჰქონდა დარჩენილი. ეს მაშინ არ გითხარით. ამერიკიდან წამლების გამოწერა და მარიამის ღეროვანი უჯრედების გადანერგვა, ვიცოდი რომ უშედეგო იქნებოდა.
არ მინდოდა თქვენთვის მეთქვა, რომ იმედი დაგეკარგათ. ერთადერთი რაც გავუკეთეთ აპარატზე მივაერთეთ და ის ტკივილი და ჯოჯოხეთი, რასაც ფილტვის სიმსივნის დროს გადიან ადამიანები, თავიდან ავაცილეთ.
ონკოპაციენტების ოჯახის წევრებს ვეტყოდი რომ პაციენტებს იმედი არ გადაუწურონ. დარეჯანს ბოლომდე სჯეროდა, რომ გადარჩებოდა. იქნებ ვიღაცის ბრძოლამ გაჭრას…
დღეს ძალიან მიჭირს. ცხოვრებას ვაგრძელებ, მაგრამ ვცდილობ დარეჯანის გადასახედიდან ვიაზროვნო, მას როგორ მოეწონებოდა, ის როგორ შეხედავდა ამ საკითხს, რას იფიქრებდა კონკრეტულ საკითხზე.
დარეჯანი ახლა ჩემშია, თავისი აზრით, გონებით. ახლა შვილებზე და შვილიშვილებზე ვარ გადართული. მთელი ცხოვრება სწორედ ასე ვიცხოვრე და ახლაც ძირითადი საზრუნავი ეს იქნება. “- ამბობს ზურა ჟორჟოლიანი.
მასალის გამოყენების პირობები






