გთავაზობთ ბრიტანული შოუს Top Gear-ის ცნობილი წამყვანის ჯერემი კლარკსონის შთაბეჭდილებებს რუსეთის შესახებ.
„ამასწინათ, ერთი კვირა გავატარე რუსეთში - ქვეყანაში, სადაც, როგორც ჩანს, ქცევის მანერები ჯერ არ მოუგონიათ. როდესაც სასტუმროს მიმღებში ადმინისტრატორი თქვენ პასპორტს გთხოვთ, ის არ მოგმართავთ „ხომ არ შეგიძლიათ თქვენი პასპორტი მაჩვენოთ, ერთი წუთით, თუ არ შეწუხდებით?“ ის გეუბნებათ: „პასპორტი!“. ხოლო, თუ თქვენ მის პოვნას სამ წამში ვერ შეძლებთ, მაშინ დაამატებს: „სწრაფად!“.
თუ თქვენ შეუკვეთავთ კერძს, რომელიც მოცემულ მომენტში მენიუში არ არის, ამას არ მოჰყვება ოფიციანტის უხერხული, ხანგრძლივი განმარტებები. ის უბრალოდ ამბობს: „ეს არ გვაქვს“. ხოლო თუ ცდილობთ, რომ თქვენი ბარგი მბრუნავ კარში შეიტანოთ, არავინ დაგიწყებთ მოთმინებით ლოდინს, სანამ თქვენ ამ პრობლემას მოაგვარებთ. მანამდე მოაწვებიან კარს, სანამ ჩანთაში ყველაფერი არ დაგელეწებათ და თითები არ დაგემტვრევათ.
როდესაც Top Gear-ის ბრიტანელ ფანს ჩემთან ერთად ფოტოსურათის გადაღება სურს, საათობით მიხსნის, როგორ უყურებს მისი ბიჭი შოუს და როგორ „ლოცულობენ“ გადაცემაზე სახლში ყველანი. რუსეთში კი უბრალოდ გეუბნებიან: „ფოტო“. და თუ ფოტოაპარატი თან არ აქვთ, მაშინ გეუბნებიან რომ მოიცადო, სანამ სახლში არ შეივლიან და მოიტანენ.
როდესმე მდგარხართ სათხილამურო მზიდთან რიგში ორი ბრიტანელის უკან?
- თქვენ შემდეგ.
- არა, თქვენ იყავით პირველი.
- არაა, დარწმუნებული ვარ, თქვენ იყავით პირველი.
- ოჰ, ყველაფერი ჩინებულადაა. მე დავიცდი. რა მშვენიერი დღეა.
- გაცილებით თბილა, ვიდრე შარშან.
იგივე ისტორია, ასე ვთქვათ, თავაზიანი დისკუსიების. რუსები თავიანთ კონტრარგუმენტებს არ ამყარებენ დახვეწილი მინიშნებებით. უბრალოდ ამბობენ: „თქვენ არ ხართ მართალი“. აი როგორი საუბარი მქონდა:
- მსოფლიოს ებრაელები მართავენ.
- მესმის, რასაც ამბობთ, მაგრამ, ვფიქრობ, ეს არ არის მიზეზი.
- თქვენ არ ხართ მართალი.
- მაგრამ არსებობს უამრავი მაგალითი...
- გეუბნებით, თქვენ არ ხართ მართალი.
ბრიტანელისთვის ეს ყველაფერი საკმაოდ არაცივილიზებულია. მაგრამ გარკვეული დროის შემდეგ მივხვდი, რომ არათავაზიანობა, ქვეყნის დროს ზოგავს და თანაც უფასოდ. როდესაც ვინმე თავისი სისულელით თქვენ თავისუფალ დროს გახარჯვინებთ, უბრალოდ უთხარით, რომ ის არ არის მართალი და წადით. ბარში ყოფნისას ნუ ეცდებით ბარმენის მზერის დაჭერას. უბრალოდ დაუყვირეთ თქვენი შეკვეთა რიგის ბოლოდან. ეს ზედმიწევნით მუშაობს „აეროფლოტში“. თვითმფრინავი აფრენას იწყებს, თუმცა, დაჯდომა ყველამ ვერ მოასწრო, ხოლო დაფრენისას არავინ შეგაწუხებთ ამინდზე სულელური საუბრით, პილოტი კი არ გისურვებთ კეთილ მგზავრობას. გეუბნებიან, რომ იჯდე სწორად და დარჩე ადგილზე, სანამ თვითმფრინავი არ გაჩერდება, მაგრამ არავინ უსმენს.
უკვე სამშობლოში, „ჰითროუს“ აეროპორტში, საემიგრაციო სამსახურის კომუნიკაბელური თანამშრომელი შემხვდა. „დიდი ხნით იყავით?“ - თავაზიანად მკითხა. პასუხის მიცემით არ შევიწუხე თავი და ორი წამი დავზოგე.
საშინლად ვიგრძენი თავი. საშინლად დამნაშავედ. მაგრამ სწორედ ამაშია ბრიტანელად ყოფნის წყევლა. სწორედ ამისთვის გვჭირდება 4G და ღილაკი, ლიფტის კარის დასახურად, და კიდევ ჩქაროსნული მატარებლები. რადგან ისინი გვიზოგავენ დროს იმისთვის, რომ შეგვეძლოს გრძელი სამადლობელი წერილების წერა და მერძევესთან გასაუბრება.“
მასალის გამოყენების პირობები






