ბელარუსში გასული ორი თვის განმავლობაში ამერიკული IT კომპანია PandaDoc-ის მინსკის ოფისის ოთხი თანამშრომელი დააკავეს. ამის შესახებ განცხადება კომპანიის თანამშრომლების მიერ შექმნილ ინტერნეტ პორტალზე ვრცელდება.
გავრცელებული ინფორმაციით, დაპატიმრებულთა შორის არიან კომპანიის მთავარი ბუღალტერი, ფილიალის დირექტორი, პროდუქტით მომარაგების დირექტორი და HR სპეციალისტი. მათ თანხების მითვისება ედებათ ბრალად. თანამშრომლებს კომპანიის ბიუჯეტიდან 107 ათასი ბელარუსული რუბლის მითვისებაში ადანაშაულებენ.
კომპანიის თანამშრომლები კოლეგების დაკავებას აპროტესტებენ. მათი განცხადებით, კომპანიის თანამშრომლებმა ბელარუსის უსაფრთხოების ძალებს ფინანსური დახმარება შესთავაზეს, თუ ისინი "სიმართლის მხარეს" გადავიდოდნენ. საუბარია ბელარუსში მიმდინარე საპროტესტო აქციების დროს მომიტინგეთა მხარდაჭერაზე, რომლებიც ლუკაშენკოს გადადგომას მოითხოვენ.
კომპანიის აღნიშნული განცხადების შემდეგ სამართალდამცავებმა ოფისი გაჩხრიკეს და ფინანსური დარღვევებისთვის 4 თანამშრომელი დააკავეს.
Tut.by–ის ცნობით, ამერიკულმა კომპანიამ მინსკში არსებული ოფისის დახურვა და 250 თანამშრომლის გათავისუფლება გადაწყვიტა.
მასალის გამოყენების პირობები






