დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელი, ამირან გამყრელიძე აცხადებს, რომ კორონავირუსით ინფიცირების შემთხვევათა მატება ჯანდაცვის სისტემისთვის დიდ ტვირთს არ წარმოადგენს.
„ჩვენ 34 შემთხვევა აპრილშიც გვქონდა. პრინციპში, ეს პროგნოზირებადი იყო იმ თვალსაზრისით, რომ ქვეყანაში მობილობა სერიოზულად გაზრდილია. ზაფხულია, ქვეყანაში შიდა ტურიზმის სერიოზულად გაიზარდა. 38 შემთხვევა იქნება, 25, 30 თუ 50, ეს არ წარმოადგენს დიდ ტვირთს ჯანდაცვის სისტემისთვის. ის სრულად მართვადი და კონტროლირებადია, მაგრამ არ უნდა მივეცეთ თვითდამშვიდებას და არ უნდა შევიქმნათ ილუზია, რომ ქართველებმა დავამარცხეთ კორონავირუსი. არ დაგვიმარცხებია. ინფექცია ცირკულირებს ქვეყანაში, ამას ბევრი კვლევა და დაკვირვება მიუთითებს და თუ არ დავიცავთ ელემენტარულ რეკომენდაციებს, მაშინ ფართომასშტაბიანი გავრცელების საშიშროება დადგება“, – განაცხადა ამირან გამყრელიძემ.
ამირან გამყრელიძე აცხადებს, რომ როდესაც მსოფლიოში კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინა დამტკიცდება, ის ხელმისაწვდომი იქნება საქართველოს მოსახლეობისთვის. აღნიშნული განაცხადი საქართველომ უკვე გააკეთა ვაქცინების გლობალურ ალიანსში.
„31 აგვისტოს ჩვენმა ქვეყანამ ოფიციალური განაცხადი გააკეთა ვაქცინების გლობალურ ალიანსში იმის შესახებ, რომ საქართველო დაინტერესებულია ამ პლატფორმაში მონაწილეობასთან დაკავშირებით. შეკვეთილია მოსახლეობის 20%-ის მოცვით, ეს დაახლოებით გახლავთ 700 000 ადამიანის ასაცრელი მასალა. გვაქვს ორი დედლაინი, 18 სექტემბერს გაფორმდება ხელშეკრულება და 8 ოქტომბრამდე გადაირიცხება პირველი შენატანი, რომლითაც გარანტირებული იქნება, რომ როდესაც ვაქცინა დამტკიცდება სხვადასხვა მარეგულირებელი ორგანიზაციების მიერ და ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის მიერ, ის იქნება ხელმისაწვდომი ჩვენი მოსახლეობისთვის, პირველ რიგში კი -რისკ ჯგუფებისთვის“, – განაცხადა ამირან გამყრელიძემ.
მასალის გამოყენების პირობები






