სჭირდება თუ არა საქართველოს ინფექციურ დაავადებათა საავადმყოფო - თენგიზ ცერცვაძე მიმართვას ავრცელებს
საზოგადოება - 13:24, 29 Aug, 2020     1707

სჭირდება, თუ არა საქართველოს ინფექციურ დაავადებათა საავადმყოფო -კლინიკის ხელმძღვანელი თენგიზ ცერცვაძე მიმართვას ავრცელებს.

"პერიოდულად ცალკეული ექსპერტების მიერ განიხილება საკითხი, სჭირდება, თუ არა ქვეყანას ცალკე ინფექციურ დაავადებათა საავადმყოფო, თუ სჯობს ინფექციური პაციენტების მომსახურება ხდებოდეს მრავალპროფილურ საავადმყოფოებში.

გვინდა დავაფიქსიროთ ჩვენი პოზიცია ამ საკითხზე.

ცნობილია, რომ ჭეშმარიტების კრიტერიუმი პრაქტიკაა და ყველაფერი უნდა შეფასდეს შედეგებით. შედეგები კი ასეთია: საქართველოში სულ ა.წ. 25 აგვისტოსთვის დაფიქსირებულია COVID-19-ის 1436 შემთხვევა, რომლებიც მკურნალობდნენ ქვეყნის 11 COVID კლინიკაში. მათგან სამი COVID კლინიკა განთავსებულია ინფექციური პროფილის საავადმყოფოებში - ინფექციური პათოლოგიის და შიდსის ცენტრი, აკ. ბოჭორიშვილის სახ. კლინიკა და ბავშვთა ინფექციური საავადმყოფო, ხოლო დანარჩენი 8 COVID კლინიკა - მრავალპროფილურ საავადმყოფოებში.

სამი ინფექციური პროფილის საავადმყოფოში სულ გატარებულია 595 COVID-19-ით პაციენტი, რომელთაგან გარდაიცვალა მხოლოდ ერთი პაციენტი (ლეტალობა - 0,17%), ხოლო 8 ზოგადი პროფილის საავადმყოფოში გატარებულია - 836 პაციენტი, რომელთაგან გარდაიცვალა 17 პაციენტი (ლეტალობა 2%). ანუ ინფექციური პროფილის კლინიკებში COVID-19-ით სიკვდილობა იყო 12-ჯერ ნაკლები, ვიდრე მრავალპროფილურ კლინიკებში. ეს შემთხვევითობაა? შესაძლოა, მაგრამ მაინც ფაქტია. კიდევ უფრო დიდია (გაცილებით დიდია) სხვაობა ევროპისა და ამერიკის ქვეყნებთან შედარებით, სადაც მრავალპროფილურ კლინიკების უმეტესობაში სიკვდილობის მაჩვენებელი 3-დან 15%-მდეა.

ნიშანდობლივია, რომ სადღეისოდ საქართველოს კლინიკებში სულ COVID-19-ით 100-ზე მეტი სამედიცინო პერსონალია დაინფიცირებული, მათგან მხოლოდ ოთხია ინფექციური პროფილის კლინიკებში, ხოლო დანარჩენი - ზოგადი პროფილის კლინიკებში. ეს ფაქტიც მრავლისმეტყველია.

კიდევ ერთი მაგალითი - განსაკუთრებით საშიში ინფექცია ყირიმ-კონგოს ჰემორაგიული ცხელება. მარტო 2020 წელს ინფექციური პათოლოგიის და შიდსის ცენტრში გატარებულია ყირიმ-კონგოს ჰემორაგიული ცხელებით 12 ავადმყოფი, რომელთაგან მხოლოდ ერთი გარდაიცვალა (ლეტალობა 8,3% - ყველაზე დაბალი მაჩვენებელი ევროპაში), მაშინ როდესაც ქვეყნის სხვა კლინიკებში ყირიმ-კონგოს ჰემორაგიული ცხელებით 5 პაციენტი შევიდა და მათგან 3 გარდაიცვალა (ლეტალობა 60%). ესეც შემთხვევითობაა?

ან კიდევ აივ/შიდსი. საქართველოში აივ/შიდსით პაციენტებში სიკვდილობის მაჩვენებელი 2.5-ჯერ ნაკლებია, ვიდრე საშუალოდ მსოფლიოში და 2-ჯერ ნაკლებია ვიდრე აშშ-ში. ესეც შემთხვევითობაა?

ასეთი მაგალითების გაგრძელება კიდევ შეიძლება.

აღმოსავლეთ ევროპის პრაქტიკულად ყველა ქვეყანაში და ე.წ. განვითარებადი ქვეყნების უმეტესობაში (საქართველოც მათ რიცხვში შედის) ინფექციურ დაავადებათა ჰოსპიტლები, როგორც წესი, ცალკე სამედიცინო დაწესებულების სახითაა წარმოდგენილი. ამის ერთ-ერთი მიზეზი ისიცაა, რომ მძიმე და გადამდები ინფექციების რიცხვი (COVID-19-ის გარდა) ამ ქვეყნებში გაცილებით უფრო მეტია, ვიდრე დასავლეთის განვითარებულ ქვეყნებში. თუმცა, დასავლეთის განვითარებული ქვეყნების ნაწილშიც ინფექციური პროფილის საავადმყოფოები ცალკე სამედიცინო დაწესებულებების სახითაც არსებობს, მაგალითად მსოფლიოს ერთ-ერთი საუკეთესო ინფექციურ დაავადებათა კლინიკა - „Lazzaro Spallanzani“ - National Institute for Infectious Diseases, ქ. რომში, იტალიაში. ან თუნდაც ალერგიისა და ინფექციურ დაავადებათა ნაციონალური ინსტიტუტი (NIAID/NIH), ქ. ბეთესდაში, აშშ-ში, რომლის წლიური ბიუჯეტი 4.8 მილიარდი აშშ დოლარია.

რაც შეეხება დასავლეთის იმ ქვეყნებს, სადაც ინფექციურ დაავადებათა სამსახურები ზოგადი პროფილის კლინიკებშია განთავსებული, იქ ეს უკანასკნელები ისეთი სტანდარტებით არის აშენებული და მოწყობილი (თავისი ბოქსირებული განყოფილებებით), რომელიც შესაძლებელს ხდის მოემსახუროს ინფექციური დაავადებებით, მათ შორის, გადამდები და განსაკუთრებით საშიში ინფექციებით ავადმყოფებს. ასეთი სტანდარტების მრავალპროფილური საავადმყოფოები/ ინსტიტუტები ძალიან ძვირი ჯდება და საქართველოში სადღეისოდ არ არსებობს და სავარაუდოდ კიდევ კარგა ხანს ვერ იქნება. შესაბამისად, სადღეისოდ საქართველოში, ისევე როგორც მისი განვითარების დონის მქონე სხვა ქვეყნებში ინფექციურ დაავადებათა საავადმყოფოს/ინსტიტუტის ცალკე სამედიცინო დაწესებულების სახით არსებობას ალტერნატივა არა აქვს და ამას ჩვენი ყოველდღიური პრაქტიკაც ადასტურებს. შორეულ მომავალში რა იქნება, ამას დრო გვიჩვენებს.

და ბოლოს, საერთაშორისო რეკომენდაციებით მსოფლიოს ყველა ქვეყანას უნდა ჰქონდეს სულ ცოტა ერთი სახელმწიფო მფლობელობაში მყოფი სამედიცინო დაწესებულება, რომელსაც მძიმე, გადამდები და განსაკუთრებით საშიში ინფექციებით ავადმყოფების მიღება და მომსახურება შეეძლება. ასეთი კი საქართველოში დღეს მხოლოდ ინფექციური პათოლოგიის, შიდსის და კლინიკური იმუნოლოგიის სამეცნიერო-პრაქტიკული ცენტრია. ყველა დანარჩენი საავადმყოფო ან კერძო საკუთრებაშია, ან კიდევ მძიმე, გადამდები და განსაკუთრებით საშიში ინფექციებით ავადმყოფების მომსახურებისთვის აუცილებელი ინფრასტრუქტურა არა აქვს," - აღნიშნავს ინფექციური პათოლოგიისა და შიდსის ცენტრის გენერალური დირექტორი თენგიზ ცერცვაძე.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42