31 წლის ქართველ ფეხბურთელს, ალექსანდრე ამისულაშვილს, თემურ ქეცბაიას გუნდში თამაში არ სურს და სწორედ ამიტომ, მან საქართველოს საფეხბურთო ნაკრები დატოვა. აღნიშნულ თემაზე სპორტსმენი გაზეთ „ლელოსთან“ საუბრობს:
„იმის შემდეგ, რაც ქეცბაიამ ჩემზე ილაპარაკა, მის გუნდში თამაშს ვეღარ შევძლებ. ყველას თავის გზაზე გაუმარჯოს!
16 წლისამ დავიწყე პროფესიონალი ფეხბურთელის კარიერა და მთელი ამ ხნის განმავლობაში არავისთან მომსვლია კონფლიქტი, მათ შორის – არც ქეცბაიასთან, მაგრამ მწვრთნელი ასეთ რაღაცებს რომ იტყვის ჩემზე, ასეთ კაცთან ვეღარ ვიმუშავებ.
პირველი არ ვარ, ვინც საქართველოს ამ ნაკრებიდან ასე მიდის და ღმერთმა ქნას, ბოლო ვიყო. ნაკრების ფეხბურთელებს მთელი გულით ვუსურვებ წარმატებებს.
ტელევიზიით ყვირილს კი ნამდვილად არ ვაპირებ. ესპანეთთან მატჩი 14 ოქტომბერს იყო, მანამდე კი რუსეთის ჩემპიონატში ვითამაშე, მატჩის მერე ფეხი ამტკივდა, ექიმმა მითხრა, 7-8 დღე უნდა დაისვენოო, ეს პერიოდი კი 12-13 ოქტომბერს მთავრდებოდა და ამიტომაც ვერ მოვახერხე ნაკრებში ჩამოსვლა", - აცხადებს ალექსანდრე ამისულაშვილი "ლელოსთან" ინტერვიუში.
მასალის გამოყენების პირობები






