ЕС-27-ის საგარეო საქმეთა მინისტრებმა 14 აგვისტოს გამართულ ვიდეოკონფერენციაზე, რომელიც საბერძნეთის ინიციატივით შედგა, თურქეთს მოუწოდეს რეგიონში სამხედრო ესკალაციისგან თავი შეიკავოს და მოლაპარაკებების მაგიდას დაუბრუნდეს.
შეგახსენებთ, რომ ანკარამ საბერძნეთის წყლებისკენ, რამდენიმე სამხედრო ხომალდის თანხლებით, სეისმური გემი გააგზავნა.
მინისტრები აცხადებენ, რომ ისინი საბერძნეთსა და კვიპროსს სოლიდარობას უცხადებენ. აღსანიშნავია, რომ საბერძნეთის მიერ შეტანილ თხოვნაში თურქეთისთვის სანქციების დაწესების საკითხიც იყო შეტანილი, თუმცა, გერმანიის მოთხოვნით, ის არ განუხილავთ.
შეხვედრაზე აღნიშნული იყო, რომ თურქეთის სამხედრო-საზღვაო მობილიზაცია ხელს არ უწყობს კონფლიქტის გადაწყვეტას და სახიფათო ინციდენტების ალბათობას ზრდის.
ევროპის საგარეო უწყებების ხელმძღვანელები აცხადებენ, რომ საზღვაო საზღვრების დელიმიტაციისა და რესურსების ექსპლუატაციის საკითხი მხოლოდ მოლაპარაკებების გზით უნდა გადაწყდეს.
თურქეთთან ურთიერთობის საკითხების ფართოდ განხილვას ევროკავშირის წევრი ქვეყნები აგვისტოს ბოლოს აპირებენ.
მასალის გამოყენების პირობები






