პირი, რომელიც ბათუმში, ერთ-ერთი სასტუმროს საკარანტინო სივრცის მეოთხე სართულიდან გადახტა მძიმე მდგომარეობაშია.
ექიმების ინფორმაციით, ახალგაზრდა მამაკაცი კლინიკაში დილის ოთხ საათზე შეიყვანეს, რომელიც უგონო მდგომარეობაში იყო. პაციენტი მართვით სუნთქვაზე იმყოფება.
თვითმხილველი მომხდარს იხსენებს:
"გუშინ ღამე გამაღვიძა ვიღაცის ყვირილმა. "ყველანი დავიხოცებით, ყველანი მოვკვდებით, აქ ვერ გადავრჩებით", - ასეთი ხმები იყო. კი ვიცოდი, რომ კარანტინის გამო ოთახი არ უნდა დამეტოვებინა, მაგრამ ვიფიქრე, რომ რაღაც ხდებოდა - ან ხანძარი იყო, ან რამე სიცოცხლისთვის საშიში.
გარეთ რომ გამოვედი, ჰოლში დამხვდა სისხლის წვეთები. გავყევი კვალს და ვიპოვე ბიჭი, რომელიც იყო ერთი სართულით ზევით, მეოთხე სართულზე და ყვიროდა - აქ ვერ გადავრჩები, აუცილებლად გამიყვანეთ აქედანო. მე ვთხოვე დამშვიდებულიყო. მან მთხოვა დამერეკა პატრულისთვის და დავხმარებოდი.
ამასობაში, სანამ ვამშვიდებდი, ხელში ეკავა სავარძელი, უბრახუნებდა კედელს, არ მომეკაროთო, იძახდა. სანამ ვეხვეწებოდი, სკამი დადე-მეთქი, ამ დროს პატრული და კიდევ ერთი კაცი ამოვიდა. ეს კაციც ამ ბიჭთან ერთად იყო ნომერში მოთავსებული. ამ ბიჭს ხელი ჰქონდა დაზიანებული, გაჭრილი. როგორც მითხრა, ხელი მაშინ დაიზიანა, როცა აკავებდა თანამეოთახეს" - ამბობს თვითმხილველი "ბათუმელებთან" საუბრისას.
მასალის გამოყენების პირობები






